უკრაინა კრიტიკულ მომენტშია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, განვსაზღვრავთ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად და რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მედიაში დიდი „ხმაური“ და დიდი პოლიტიკური ზეწოლაა.
„პუტინს სურს იმის სამართლებრივი აღიარება, რაც მოიპარა, სურს, ძირი გამოუთხაროს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და თქვენ ყველას გესმით, რას ნიშნავს ეს. მას ეს არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან სურს და ეს ძალიან საშიშია“, – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან ერთად, არაერთი ნაბიჯი გადადგა, რაც საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანი საკითხები მოლაპარაკებების მაგიდაზე დარჩეს. კერძოდ, ეს ეხება ყველა უკრაინელი ტყვის სრულ გათავისუფლებას „ყველა ყველასთვის“ ფორმულის ფარგლებში, ასევე რუსეთის მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დაბრუნებას.
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, მაგრამ რეალური მშვიდობის მისაღწევად მეტია საჭირო. გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში შეერთებულ შტატებთან, მუშაობას ისეთი კომპრომისების მოსაძებნად, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.




