უკვე 26 ქვეყანა მზად არის ქმედებებით უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.
„მთელი თავისუფალი ევროპა, ამერიკა, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, მსოფლიოში სხვა პარტნიორები ჩვენთან არიან. ჩვენი შედეგი: უკვე 26 ქვეყანა მზად არიან ქმედებებით უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის ჩვენი ერთობლივი სამუშაოსთვის“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობის გარანტირებამდე საჭიროა მისკენ მოსკოვის ბიძგი.
„ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსკოვმა შეწყვიტოს ყველა სამშვიდობო ინიციატივის უარყოფა და გაიაზროს ომის გაჭიანურების შედეგები. ძლიერი სანქციები და ტარიფები – გაერთიანებული ევროპული და ამერიკული ძალისხმევა – ამის გასაღებია. რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსების არავითარი შესაძლებლობა არ უნდა რჩებოდეს. შემდგომ – მეტი ტრანსატლანტიკური მუშაობა, რათა ზეწოლა ნამდვილად საგრძნობი იყოს,” – წერს ზელენსკი.
