უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით ჩავიდა საუდის არაბეთში, სადაც შეხვდა ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს – სამეფოს ფაქტობრივ მმართველს.
ზელენსკიმ ტელეგრამში საკუთარ არხზე დაწერა, რომ „შინაარსიანი და გულწრფელი“ საუბრის დროს მან პრინცთან ერთად განიხილა „მშვიდობის ფორმულა“ – უკრაინაში ომის დასრულების გეგმა, რომელსაც კიევი უჭერს მხარს. „საუდის არაბეთის ხელმძღვანელობას შეუძლია დაგვეხმაროს სამართლიანი გადაწყვეტილებების პოვნაში,“ აღნიშნა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების სხვა თემებს შორის არის დახმარება რუსული ტყვეობიდან უკრაინელი სამხედროების დაბრუნებაში.
მუჰამედ ბინ სალმანი პოტენციურ შუამავლად ცდილობს პოზიციონირებას მცდელობებში, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებისკენაა მიმართული. ამასთან, საუდის არაბეთი რუსეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროში, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) ფარგლებში, შენიშნავს Associated Press-ი.
გუშინ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ელ-რიადში შეხვდა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს და რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებს. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობაში აღნიშნეს, რომ პრინცმა მუჰამედმა ვოლოდინთან ერთად განიხილა „თემები, რომლების საერთო ინტერესს წარმოადგენს“.
„მშვიდობის ფორმულა“ არის ათპუნქტიანი დოკუმენტი, რომლის მიზანია ომის დასრულების გზების გამონახვა და უსაფრთხოების ისეთი რეჟიმის პირობების შექმნა, რომელიც მომავალში შეუძლებელს გახდიდა ომს ევროპაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს გეგმა 2022 წლის ნოემბერში წარმოადგინა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე თვეში. მოსკოვმა განაცხადა, რომ გეგმა მიღებულია. „მშვიდობის ფორმულა“ სხვათა შორის ითვალისწინებს რუსეთის ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული მთელი ტერიტორიიდან.