უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება უკრაინული ძალებისთვის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„უპირველეს ყოვლისა, მადლიერების სიტყვა ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც ახორციელებენ დარტყმებს ჩვენი დრონებით. ყველა ხედავს, თუ როგორ მუშაობენ ეს დრონები ფრონტზე, ისევე როგორც ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დრონები. რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს და ბიჭებს სპეციალური ოპერაციების ძალებიდან. რუსული სამხედრო საწყობები, აეროდრომები და მათი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები არ დაიმალება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ფრონტზე რუსულ აღჭურვილობას ანადგურებენ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღამით მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე 34 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.