რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის კონტექსტში ჟურნალისტების მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა, რომელიც უკრაინის ლიდერმა 26 თებერვალს მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა საერთაშორისო მედიისა და განსაკუთრებით რადიო თავისუფლების მუშაობა რუსეთის ომის დანაშაულების გაშუქების, დეზინფორმაციის უარყოფისა და იმისათვის, რომ უკრაინის მოვლენებს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამყოფებენ.
ზელენსკიმ და კაპუსმა ასევე განიხილეს კრემლის პოლიტიკური მძევლების, კერძოდ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ვლადისლავ ესიპენკოს გათავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევა. ესიპენკო, რუსეთის ხელისუფლების მიერ შეთხზული ბრალდებით, თითქმის სამი წელია ოკუპირებულ ყირიმში გისოსებს მიღმა იმყოფება.
“ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი: რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მესამე წლის დასაწყისი და ათი წლის რუსული აგრესია და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია. რადიო თავისუფლების მისიაა, მსოფლიოს დაანახოს ის, რაც ხდება: რეალიები, სამხედრო მოქმედებები, უკრაინელი ხალხის დიდი გამბედაობა და გამძლეობა. ჩვენი რეპორტიორები მუშაობენ ფრონტის ხაზზე, ფარდას ხდიან რუსეთის ომის დანაშაულებს, აშუქებენ დემოკრატიულ რეფორმებს და აკონტროლებენ მთავრობას. რადიო თავისუფლება 70 წელია აქ არის: აქ ვიყავით გუშინ, აქ ვართ დღეს და ხვალაც აქ ვიქნებით იმ მნიშვნელოვანი ისტორიებით, რომლებსაც მსოფლიოს ვუზიარებთ და დარწმუნებული ვარ უკრაინის დიადი მომავლით, რომელსაც დოკუმენტურად აღვნუსხავთ“, – განაცხადა სტივენ კაპუსმა.
ორი წლის წინ, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სასამართლომ რადიო თავისუფლების პროექტ krym.reallii-ს შტატგარეშე თანამშრომელს, ჟურნალისტ ვლადისლავ ესიპენკოს, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის სპეცსამსახურები მას ბრალად სდებენ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებასა და შენახვას.
სტივენ კაპუსთან შეხვედრის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების გაცვლის საკითხს ის უცხოელ ლიდერებთან ყველა შეხვედრის დროს აყენებს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პატიმრის სახლში დაბრუნება. ჩვენ ვმუშაობთ. ყირიმელების, განსაკუთრებით ჟურნალისტებისა და პოლიტპატიმრების დაბრუნებაზე, რაც ძალიან რთულ საქმეს წარმოადგენს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის დამოუკიდებელი ამერიკული მედიაკორპორაცია, რომელიც აშშ-ის კონგრესის გრანტით ფინანსდება, შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს [Agency for Global Media] საშუალებით. რადიო თავისუფლება 23 ქვეყანაში და 27 ენაზე მაუწყებლობს ძირითადად იმ ქვეყნების აუდიტორიისთვის, სადაც მედიის თავისუფლება შეზღუდულია.
2023 წლის ივლისში Gallup World-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელების 14 პროცენტზე მეტი ყოველკვირეულად რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის სხვადასხვა პლატფორმიდან იღებს ინფორმაციებს, ხოლო აუდიტორიის 95% ენდობა რადიო თავისუფლების შინაარსს.