უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ნათლად ესმის, რატომ აგროვებს რუსეთი ჯარისკაცებს თავის ჯარში.
„ჩვენ ეტაპობრივად ვგეგმავთ პარტნიორებთან მუშაობას. უახლოესი თვეები, მაისი და ივნისი უნდა გახდეს უკრაინისთვის აქტიურობის დრო, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ამ ომში. ნათლად გვესმის, რისთვის ემზადება რუსეთი, რისთვის სურთ ჯარისკაცების შეკრება თავიანთ არმიაში. ყველა ჩვენგანს, ჩვენს პარტნიორებს, უნდა გვქონდეს პასუხი რუსეთის ოპერაციებზე, მის ნებისმიერ ოპერაციაზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი, დაარღვიოს რუსული რევანშიზმი და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით ჩვენი შვილების საიმედო უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, მოისმინა დეტალური მოხსენება მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისგან საკვანძო მიმართულებებით უკრაინის მოქმედებაზე, პოზიციების დაცვასა და გაძლიერებაზე. მათ ასევე განიხილეს თავდაცვის ძირითადი გეგმები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქტიური მოქმედებები.