უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსის პრეზიდენტს ნიკოს ქრისტოდულიდესს შეხვდა, – ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„კვიპროსმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა დაიწყო, რომელიც წლის პირველ ნახევარში გაგრძელდება. ვმუშაობთ, რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად დიდ პროგრესს მივაღწიოთ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დღეს ეს საკითხი კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ქრისტოდულიდესთან განვიხილეთ და პროდუქტიული თანამშრომლობის იმედი მაქვს“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, რომელიც ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაგრძელდება.
„მე და პრეზიდენტმა ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, რომლებიც ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაგრძელდება. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, დრონების წარმოებასა და მიწოდებაზე, ასევე კვიპროსის მონაწილეობაზე PURL ინიციატივასა და SAFE ინსტრუმენტში. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძლიერი დარჩება“, – წერს ზელენსკი.




