რუსები მშვიდობიან მოსახლეობას ურტყამენ იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო – და უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები – მშვიდობისკენ მოუწოდებს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ შეტევას.
„გუშინდელი ღამიდან მოყოლებული, რუსეთი უკრაინაზე დრონებით თავდასხმას ახორციელებს – თითქმის 90 უპილოტო საფრენი აპარატი. ჩვენმა მეომრებმა მათი უმეტესობის განეიტრალება მოახერხეს“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, თავდასხმის ქვეშ მოექცა დონეცკის ოლქი, კიევის ოლქი და დედაქალაქი, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჩერნიგოვის ოლქი და დნეპრის ოლქი. სამიზნეებს შორის იყო უკრაინის ინფრასტრუქტურა და საწარმოები. ზელენსკის ინფორმაციით, კიევში რუსული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ჩართულია ყველა საჭირო სამსახური.
„გვესმის პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მკვლელობების დასრულების შესახებ და დავეთანხმეთ დიპლომატიის განბლოკვის ყველა წინადადებას. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთში ამ პოზიციას არ ისმენენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა განვახორციელოთ ყველაფერი, რაც გვაძლიერებს: PURL [უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის] ინიციატივა, თანაწარმოება და უსაფრთხოების გარანტიების დასრულება. მაგიდაზეა მასშტაბური შეთანხმებები დრონებისა და იარაღის შესყიდვის შესახებ, რომელიც უკრაინამ შესთავაზა შეერთებულ შტატებს. საჭიროა გადამწყვეტი ქმედებები, რათა რუსეთიც საბოლოოდ დათანხმდეს დიპლომატიას”, – წერს ზელენსკი.
