უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი 29 მარტს, ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში იორდანიაში იმყოფებოდა. ვიზიტისას მან სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში შეთანხმებებს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
“დღეს იორდანიაში ვარ. უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორმა გასწიოს ამისთვის საჭირო ძალისხმევა. უკრაინა თავის წილს ასრულებს. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია,” — დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
ეს ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც უკრაინა, რომელიც რუსული დრონების ჩამოგდების საკუთარი გამოცდილების გამოყენებას სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად ცდილობს, კატართან, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდა.
რუსული დრონების ჩამოსაგდებად უკრაინა იაფფასიან დონსაწინააღმდეგო სისტემას, ელექტრონული ჩახშობის საშუალებებისა და საზენიტო დანადგარების კომბინაციას იყენებს. კიევმა პარტნიორებს თავისი სისტემების იმ ძვირადღირებულ საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე გაცვლა შესთავაზა, რომლებსაც რეგიონში აშშ-ის მოკავშირეები ამჟამად ირანული დრონების მოსაგერიებლად იყენებენ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები 26 მარტს, საუდის არაბეთიდან დაიწყო. ვიზიტისას ზელენსკი ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა, რის შედეგადაც, 10-წლიანი თავდაცვის ხელშეკრულება გაფორმდა. ეს შეთანხმება ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას საჰაერო თავდაცვის სფეროში და იარაღის ერთობლივ წარმოებას.
28 მარტს დილას იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, სადაც პრეზიდენტ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან ერთად უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური პარტნიორობის დეტალები შეათანხმა. იმავე საღამოს ზელენსკი კატარში ჩავიდა. დოჰაში ემირთან შეხვედრისას ხელი მოეწერა კიდევ ერთ 10-წლიან სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც რაკეტებისა და დრონებისგან მომავალი საფრთხეების ერთობლივ მოგერიებასა და ენერგოუსაფრთხოებას ეხება.
ტურნეს დასკვნითი ნაწილი 29 მარტს იორდანიაში შედგა. პრეზიდენტი მეფე აბდულა II-ს შეხვდა. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის საკითხები განიხილეს.