აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-მა პირობა წამოაყენა, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვისაა საჭირო, იმაზეა დამოკიდებული, გადასცემს თუ არა უკრაინა რუსეთს ქვეყნის მთლიან აღმოსავლეთ რეგიონს – დონბასს (ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს).
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც აშშ კონცენტრირებულია ირანთან საკუთარ კონფლიქტზე, პრეზიდენტი ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, რათა სწრაფად დაასრულოს ომი.
“ახლო აღმოსავლეთი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს პრეზიდენტ ტრამპზე და მის შემდგომ ნაბიჯებზე. სამწუხაროდ, ჩემი შეხედულებით, პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ უკრაინულ მხარეზე ზეწოლის გაძლიერების სტრატეგიას ირჩევს…
ამერიკელები მზად არიან საბოლოოდ შეათანხმონ ეს გარანტიები მაღალ დონეზე, როგორც კი უკრაინა მზად იქნება ჯარები გაიყვანოს დონბასიდან”, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების ასეთი გასვლა საფრთხის ქვეშ დააყენებს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის უსაფრთხოებას, ვინაიდან ამის შედეგი იქნება რუსეთისთვის რეგიონში მყარი თავდაცვითი პოზიციების გადაცემა.




