ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფაზე – შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან – დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ვხედავთ, თუ როგორ იჩენენ მაშველები განსაკუთრებულ თავდადებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს. ამ ტრაგიკულ დროს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა CBS News-ი ადგილობრივ პოლიციელებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის მაშველებმა მდინარიდან 18 ცხედარი ამოიყვანეს.
აშშ-ის ფიგურული ციგურაობის ასოციაციის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე ასოციაციის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. მანამდე, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ცნობილი რუსი მოციგურავეები, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ.