უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ში გადაუჭრელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შთააგონებს.
“ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, მეგობრებო. თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმში გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვა. ისინი ხედავენ ოცნებების ახდენას, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ, რომ თავისუფლება ეცემა, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერა მცირდება. პუტინის მსგავს ადამიანებს თავისუფლების დაპყრობის იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ და სხვა თავისუფალი ქვეყნები საკუთარ თავში, ძალასა და ლიდერობაში დარწმუნებული უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დიქტატურებმა საკუთარ თავში და თავისუფლების შელახვისთვის საჭირო ძალაში ეჭვი შეიტანონ.
„როცა თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობს დიქტატურები და მათი ყველაზე საშიში ამბიციები მწიფდება. აქ თითოეულ თქვენგანს ესმის, რას ნიშნავს ჯარისკაცისთვის, ელოდოს საბრძოლო მასალას. ელოდოს კვირების, თვეების განმავლობაში და არ იცოდეს, იქნება თუ არა მხარდაჭერა. თითოეულმა თქვენგანმა, ვისაც ბრძანების გამოცდილება აქვს, იცის რას ნიშნავს, როცა წინ წასვლის ნაცვლად უბრალოდ უყურებ, ელოდები საბრძოლო მასალას ან აღჭურვილობას მაშინ, როცა მტერი კმაყოფილია და ემზადება თავდასხმებისთვის. ნებისმიერი თქვენგანი, რომელსაც საბრძოლო ზონაში ვაჟი ან ქალიშვილი ჰყავს, უბრალოდ ვერ მიიღებდა მათთვის რომ ეთქვათ, რომ სიცოცხლის დაცვა მოითმენს, რადგან ცოტა მეტი დებატები მიმდინარეობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.