ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს, მაგრამ რუსეთის გავლენის გარეშე – ამისგან ყველაფერი უნდა გაიწმინდოს და მეტი სამართლიანობა უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებების შეზღუდვას ეხება.
მისი თქმით, გენერალურ პროკურორს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინაში კანონის დარღვევის შემთხვევაში დასჯის გარდაუვალობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
„ეს არის ის, რაც უკრაინას ნამდვილად სჭირდება. საქმეები, რომლებიც მიმოფანტულია, უნდა გამოიძიონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, წლების განმავლობაში უკრაინიდან გაქცეული ჩინოვნიკები „რატომღაც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ – ძალიან სასიამოვნო ქვეყნებში და სამართლებრივი შედეგების გარეშე“.
„ეს ნორმალური არ არის. არ არსებობს რაციონალური ახსნა, თუ რატომ დევს მილიარდობით დოლარის ღირებულების სისხლის სამართლის საქმეები წლების განმავლობაში. არ არსებობს ახსნა, თუ რატომ შეუძლიათ რუსებს კვლავ მიიღონ საჭირო ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს რუსების გარეშე იყოს. მნიშვნელოვანია, რომ დასჯა გარდაუვალი იყოს და საზოგადოებამ ეს ნამდვილად დაინახოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს.
