დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დასავლური რაკეტებით დარტყმის აკრძალვა გაუქმდა. თუმცა, ასეთი რამ წინასწარ არ შეიძლება გამოცხადდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელიც დასავლელ პარტნიორებს რამდენიმე ხნის წინ წარუდგინეს, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს პუნქტს უკრაინის არმიის შორ მანძილზე მოქმედების შესახებ.
„დღეს მედიაში ბევრს საუბრობენ, რომ მივიღეთ შესაბამისი ქმედებების ნებართვა. ასეთ რაღაცებს არ აანონსებენ. დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება. რაკეტები თავად ილაპარაკებენ. აუცილებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს.