უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას „ადგილზე იქნებიან“ ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უკრაინას აშშ-სა და მის მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში ირანული დრონების მოგერიებაში დახმარება.
„მომავალ კვირას, როდესაც ექსპერტები ადგილზე იქნებიან, ისინი შეისწავლიან სიტუაციას და დაეხმარებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, იტყობინება უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“.
ამასთან, ზელენსკის თქმით, სურს, რომ დახმარება ორმხრივი იყოს.
„თუ გარკვეული რესურსების გაზრდაზე ვსაუბრობთ, ძალიან გვინდა, რომ ეს ორმხრივი გზა იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა:
„თქვენ იცით, რა რესურსები გვაკლია და ჩვენ გვესმის, რა რესურსები აკლიათ სპარსეთის ყურის ქვეყნებს“.
შეგახსენებთ, ორშაბათს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ლიდერებმა და აშშ-მ უკრაინას დახმარება სთხოვეს ირანში წარმოებული შაჰედის დრონების მოგერიებაში.




