უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის დეტალური ანგარიში მოისმინა.
„პირადად განვიხილეთ საკითხები, რომელთა ტელეფონით განხილვაც შეუძლებელია. რუსტემ უმეროვმა და ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების მონაწილეებმა ამერიკული მხარის მიერ წამოჭრილი მთავარი საკითხების შესახებ შეგვატყობინეს. სამუშაო ჟენევის დოკუმენტზე იქნა დაფუძნებული და ეს დოკუმენტი დაიხვეწა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინის დელეგაციას გუშინ, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, ევროპელ ლიდერებთან და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ აცნობა.
„აღვნიშნეთ, რომ რუსებმა ამერიკულ მხარესთან შეხვედრების მზადების ფონზე ახალი დეზინფორმაციული კამპანიები წამოიწყეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის ცნობით, უკრაინის დელეგაციას დონალდ ტრამპის გუნდთან და ევროპელ პარტნიორებთან მაქსიმალურად კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელება დაავალა.
„უკრაინა ყველა სახის დიპლომატიურ ძალისხმევას უდიდესი სერიოზულობით უდგება. ჩვენ ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მიღწევის ერთგულები ვართ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მომავალი შეხვედრების ვადების დასადგენად აშშ-თან მუდმივ კონტაქტს შეინარჩუნებს“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.




