უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუსეთის მხრიდან ახალი ბალისტიკური რაკეტით შეტევის ფონზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის კონკრეტული საჭიროებები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენების ფონზე ნატო-ს გენერალურ მდივანთან რეაგირების შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრა.
„მე დავასახელე საჰაერო თავდაცვის კონკრეტული სისტემები, რომელიც საჭიროა, რომელმაც, შესაძლოა, იმუშაოს. საჰაერო თავდაცვის ეს სისტემები ჩვენს პარტნიორებს აქვთ“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთში მდებარე სამხედრო ობიექტებზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის ნებართვა უკრაინას დაეხმარა, მაგრამ რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს და გაიზარდოს სხვადასხვა დონეზე.
„ჩვენ განვიხილეთ კონტაქტები პარტნიორებთან – ამერიკასთან და სხვებთან – მათთან ჩვენი კოორდინირებული მუშაობა, რათა განვახორციელოთ ის, რაზეც უკვე შევთანხმდით და საჭირო დამატებითი გაძლიერების მიზნით – როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური. კერძოდ, უკრაინის ნატო-ში მოწვევის მიზნით“, – წერს ზელენსკი.