უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ანგარიშები „აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანის შესახებ“. მას არ უხსენებია რუსეთის კურსკის ოლქი, სადაც 6 აგვისტოდან მიმდინარეობს ბრძოლები.
„დღეს რამდენჯერმე ჩამაბარა ანგარიში მთავარსარდალმა სირსკიმ – ფრონტისა და ჩვენი მოქმედებების შესახებ და აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანის თაობაზე. მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების ყოველ ქვედანაყოფს, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. უკრაინა ამტკიცებს, რომ მართლაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და სწორედ ისეთი ზეწოლის გარანტიას იძლევა, როგორიც საჭიროა – აგრესორზე ზეწოლისა,“ თქვა ზელენსკიმ.
კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები 6 აგვისტოს დაიწყო. მას შემდეგ უკრაინის ჯარებმა რამდენიმე მიმართულებით წაიწიეს წინ და, გავრცელებული ინფორმაციით, ყოველდღე იკავებენ ახალ ტერიტორიებს.
უკრაინის ხელისუფლება საბრძოლო მოქმედებების კონკრეტულ დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.
ფორუმი