უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განთავსების საკითხი განიხილეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამ“ არხზე იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და კურსკის ოპერაციაში უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ მოკავშირეებთან მშვიდობის მისაღწევად და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების შემუშავების მიზნით.
„ერთ-ერთ ასეთ გარანტიად განვიხილეთ საფრანგეთის ინიციატივა უკრაინაში სამხედრო კონტიგენტების განლაგების შესახებ. ვიმსჯელეთ მისი განხორციელების პრაქტიკული ნაბიჯები, შესაძლო გაფართოებასა და ამ პროცესში სხვა ქვეყნების ჩართვაზე“, – აცხადებს ზელენსკი.