უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადააყენა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსანდრ დანილოვი. დანილოვს ეს თანამდებობა ეკავა 2019 წლიდან და, კერძოდ, ცნობილი იყო თავისი რადიკალური რიტორიკით.
1990-იან წლებში დანილოვი ლუგანსკის მერი იყო, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ იუშჩენკოს საარჩევნო შტაბს, მოგვიანებით კი ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი გახდა. ის ორჯერ იყო უკრაინის სახალხო დეპუტატი იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო კოორდინაციას უწევს ხელისუფლების სხვა ორგანოებს და ამზადებს პრეზიდენტის ბრძანებულებების პროექტებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. უწყება გადაწყვეტილებებს იღებს საგანგებო ან სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ.
თანამდებობაზე დანილოვის ყოფნის პერიოდში საბჭომ ქვეყანაში აკრძალა რამდენიმე რუსული მედიასაშუალების მუშაობა. დაიბლოკა რამდენიმე ადგილობრივი ტელეარხი, რომლებსაც უწყება პრორუსულად მიიჩნევდა. შემოღებულ იქნა სანქციები უკრაინის ზოგიერთი მოქალაქისა და ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც ძირითადად მოსკოვის სასარგებლოდ მუშაობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. 26 მარტის მდგომარეობით, სიაში შედიოდა 10085 ფიზიკური და 7117 იურიდიული პირი.
ზელენსკის ბრძანებულებაში არ არის ლაპარაკი გადაყენების მიზეზებზე. ის წინასწარ არ გამოუცხადებიათ. იანვარში ჟურნალი Economist-ი წერდა, რომ დანილოვის ადგილზე შესაძლოა დანიშნულიყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელი სარდალი ვალერი ზალუჟნი. ზალუჟნი მართლაც გადააყენეს, მაგრამ ამის შემდეგ ის დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა.
უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დაინიშნა 51 წლის ოლექსანდრ ლიტვინენკო, ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში. 2014-2019 წლებში ის უწყების ხელმძღვანელის მოადგილე იყო. 2021 წლიდან დღემდე ლიტვინენკო უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.