საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.
ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმიდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს. ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.
დიდი ორშაბათი
დიდი ორშაბათის ღვთისმსახურებისას დედა ეკლესია მოუწოდებს ყველა მორწმუნეს, შეუდგეს ქრისტეს, ჯვარს ეცვას მასთან ერთად, მოაკვდინოს ხორცი ამქვეყნიურ სიამეთათვის, რათა მარადჟამს უფალთან მყოფობდეს. ცისკრის ჟამნზე მე-3 რიგის კანონის წაკითხვის შემდეგ, წმიდა ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას მიაპყრობს წმ. იოანე ოქროპირის (IV ს) სწავლებას – “განხმელისათვის ლეღვისა” და წმ. იოანე დამასკელის (VIII ს.) სიტყვას “იგავისათვის ვენახისა” (იხ. მარხვანი, გვ.488).
მორწმუნეთათვის განკუთვნილი ზემოხსენებული სწავლება შეაგონებს თითოეულს, რათა უფალი გახდეს გამგებელი და მპყრობელი ადამიანთა გულებისა, რათა უფალმა დაივანოს ჩვენს გულებში და განწმინდოს იგი ყოველგვარი მწიკვლისაგან.
ამ დღეს ყურადღებას იპყრობს სვინაქსარის საკითხავიც, რომელიც საცისკრო კანონთა სამსაგალობლის I გალობის შემდეგ აღესრულება (იხ. მარხვანი, იქვე). აქ მლოცველთა გულისხმა მიემართება წმინდა იოსებისაკენ (პატრიარქ იაკობის შვილი რაქელისაგან), რომლის ცხოვრებაც წარმოჩენილია როგორც წინა სახე იესო ქრისტეს ვნებისა (გაცემისა, ღალატისა და დამდაბლებისა).
ამ დღეს მორწმუნეთა გულისხმისყოფისათვის იკითხება კონდაკი:
“იოსების წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობ, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი, და მეფობდა ამისთჳს, რამეთუ არა დაამონა გულისთქმა თჳსი მეძვისა ნებასა, და სამართლად იდიდა იგი გულთ მეცნიერისა ღვთისაგან, და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა”.




