საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების დაძაბულ შეხვედრას ეხმაურება და ვოლოდიმირ ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ბევრი წლის წინ, როდესაც პირველად მომიწია წარმემართა მოლაპარაკებები დამოუკიდებლად, ჩემზე უფრო გამოცდილმა კოლეგამ მირჩია: „ყველაფრის უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს, არასდროს დაამცირო შენი კოლეგა!“ ამაზე უნდა იფიქრონ მათაც, ვისაც უნდა რომ მშვიდობისმყოფელად აღიქვამდნენ! ყველა, ვისაც ესმის, რას ნიშნავს იცავდე შენს ქვეყანას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, არა ერთგზის, არამედ კვლავ და კვლავ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, თქვენ გვერდით დგანან, პრეზიდენტო ზელენსკი. დარწმუნებული არ ვარ, რომ დღეს ვნახეთ ამერიკა, რომელიც პირველი სახელმწიფოა. უფრო ვნახეთ ამერიკა, რომელიც უკან მოსდევს პუტინის რუსეთს. ამ დროს კი ყველას გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, როგორც იქნა, ვნახავთ ამ უკანასკნელის დაწინაურებას!“ — დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.
ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში 28 თებერვალს შედგა და დაძაბულად, კამათის ფონზე წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, პრეზიდენტები ხელს მოაწერდნენ შეთანხმებას, რომლითაც შეერთებულ შტატებს ექნებოდა წვდომა უკრაინის წიაღისეულზე, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა, ეს შეთანხმება არ შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა. გაუქმდა პრესკონფერენციაც, რომელიც შეხვედრის შემდეგ უნდა გამართულიყო.
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის და აშშ-ში მაშინ დაბრუნდეს, როცა საამისო მზაობა ექნება. ზელენსკიმ კი თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს, კონგრესს, თავად პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ უკრაინას სამართლიანობა, მდგრადი მშვიდობა სჭირდება და ქვეყანა სწორედ ამისთვის მუშაობს და იბრძვის.
დაძაბულ შეხვედრაზე მწვავე კომენტარები გაჟღერდა ზელენსკის მისამართით როგორც პრეზიდენტ ტრამპის, ისე ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვანსის მხრიდან, რომლის რეპლიკებსაც მოჰყვა დიალოგის გამწვავება თეთრ სახლში.
ამავე თემაზე:
