„ვმუშაობთ, რომ თბილისში ტურიზმის სექტორში 85-90%-იანი დატვირთულობა სექტემბრის ბოლომდე შევინარჩუნოთ“ – გიორგი დოლიძე

ყველა ერთად ვმუშაობთ, რომ თბილისში ტურიზმის სექტორში 85-90%-იანი დატვირთულობის ნიშნული სექტემბრის ბოლომდე შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ HSC Group Hospitality დირექტორმა და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველმა გიორგი დოლიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლებში აპრილის თვე პიკური სეზონის მონაცემებს იმეორებს, რაც ძალიან სასიხარულოა.
“2025 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ ნორმალურად დავიწყეთ. იანვრიდან მარტის ბოლომდე, დაახლოებით, 50%-იანი დატვირთულობა გვქონდა, ხოლო მარტიდან ძალიან დიდი და საინტერესო ნახტომი იყო, რამაც აპრილში 90%-იანი დატვირთულობა გამოიწვია.
კოვიდ პანდემიის შემდეგ, 2024 წლამდე აპრილში დატვირთულობა, მაღალი კლასის ობიექტებს თუ გავითვალისწინებთ, საშუალოდ 65% ნარჩუნდებოდა, ხოლო 2024 და 2025 წელს აპრილი პირდაპირ დებს პიკური სეზონის მონაცემებს, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ პირდაპირ მოვახდინოთ გამოცხადებული ფასების ზრდა და ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ როგორც B2B, ისე კორპორატიული და ჯგუფური ფასების მაქსიმალურად ლოგიკურ ზღვრამდე მივიდეთ, რათა ეს ბიზნესი როგორც სასტუმროებისთვის, ისე ტურისტული ბიზნესისთვის უფრო მეტად მომგებიანი გავხადოთ”, – აცხადებს გიორგი დოლიძე.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს – როგორც გიორგი დოლიძე აცხადებს, აღნიშნულ რეგიონში ყველაზე მეტად დატვირთული და აქტიური სეზონი ივნისიდან იწყება.
“დღეს აჭარის რეგიონში 60-65%-იანი დატვირთულობაა, რომელიც მზარდია და ვფიქრობ, რომ 85%-ს მიაღწევს. ეს ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის და ყველა იმ მონაწილისთვის, რომელიც ს მიმდებარედ ახალი სასტუმროს დამატებას თუნდაც ამ სეზონზე აპირებს”, – აღნიშნა გიორგი დოლიძემ.