სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები” შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილის მიმართ.
უწყება მუშაობს ვერსიაზე, რომ შერგელაშვილი ფიგურირებს საქმეში, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბრის აქციისთვის, უკრაინიდან საქართველოში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოიტანეს.
ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ. ბრიფინგი შეეხებოდა BBC-ის გამოძიებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ შსს-მ ქიმიური ნივთიერება, სავარაუდოდ, კამიტი გამოიყენა. BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, სუს-ში გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას.
დღეს, 6 დეკემბერს, გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა 1-ელი მუხლით დაწყებული გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამეს შსს-მ გამოიყენა არა კამიტი, ან სხვა რაიმე აკრძალული ნივთიერება, არამედ ლორობენზილიდინ მალონონიტრილი, იგივე ცრემლსადენი გაზი. მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერება გამოიყენეს სხვა დარბევების დროს, მაგალითად, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით პერიოდში.
რაც შეეხება მეორე მუხლს – უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, მაღრაძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გრძელდება. სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მაღრაძემ შერგელაშვილი და განაცხადა, რომ ის არის ერთადერთი პირი, რომლითაც გამოძიება დაინტერესებულია, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა.
“გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს აღნიშნული საბრძოლო მასალის ასაფეთქებელი ნივთიერებსა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში. ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი კამიტის მომიტინგეთა წინააღმდეგ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად, მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთად დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ, წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ კამიტის გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. სახელ,წიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც სსკ-ის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს”, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილემ.
უკრაინიდან საქართველოში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ სუს-მა ინფორმაცია 5 ოქტომბერს გაავრცელა. მაშინ, სუს-ში აცხადებდნენ, რომ “უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქე ბექა ჭუხულაძემ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები”. როგორც ჩანს, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველ წარმომადგენელში უწყება სწორედ ლაშა შერგელაშვილს გულისხმობდა.
“ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით თბილისში 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფის ძალად ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.
ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ლაშა შერგელაშვილი საქართველოში, ძალოვან უწყებებში 20 წელზე მეტხანს მუშაობდა, 2022 წლიდან კი უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. BBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ 2009 წელს მას სთხოვეს გაეტესტა კონკრეტული ნივთიერება, რომლის გამოყენებასაც დემონსტრაციებისას აპირებდნენ. მისი თქმით, ამ პროდუქტის ზემოქმედება არ ჰგავდა არაფერს, რაც მანამდე გამოუცდია. ის რთულად სუნთქავდა იქ, სადაც ეს სპრეი იყო გამოყენებული, და მას და მის 15-20 კოლეგას, რომლებიც გამოცდაში მონაწილეობდნენ, მისი მარტივად ჩამორეცხვა არ შეეძლოთ.
“ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ეფექტი არ ქრებოდა, როგორც [ჩვეულებრივი] ცრემლსადენი გაზის შემთხვევაში. მას შემდეგაც კი, რაც სახე წყლით, შემდეგ კი წინასწარ მომზადებული სოდისა და წყლის სპეციალური ხსნარით დავიბანეთ, თავისუფლად სუნთქვა მაინც არ შეგვეძლო”, – ამბობს შერგელაშვილი BBC-სთან საუბრისას.
შერგელაშვილის თქმით, ტესტების შედეგად, მან რეკომენდაცია გასცა, რომ ეს ქიმიური ნივთიერება არ გამოეყენებინათ. თუმცა, მისი თქმით, წყლის ჭავლის მანქანებს მაინც ტვირთავდნენ ხოლმე ამით – და ეს ასე იყო სულ მცირე 2022 წლამდე, სანამ მან სამსახურიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინიდან, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს, ის BBC-ს ეუბნება, რომ გასული წლის საპროტესტო აქციების კადრების ყურებისას, მან მაშინვე იეჭვა, რომ დემონსტრანტებზე იგივე ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.




