„ვლოცულობ, რომ 2020 წლის ბელარუსის კოშმარი საქართველოში არ განმეორდეს“ – ციხანოუსკაია

„ჩემი ერის სახელით მინდა, ქართველ ხალხს მხარდაჭერა და აღფრთოვანება გამოვუცხადო – იმ ხალხს, ვინც საკუთარ უფლებებს იცავს,“ – უთხრა ბელარუსის დემოკრატიულმა ლიდერმა სვეტლანა ციხანოუსკაიამ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
„როდესაც იმ ე.წ. ს შემდეგ ქუჩაში გამოსულ ხალხს ვუყურებდი, 2020 წლის ბელარუსი დავინახე. გულწრფელად გეტყვით, ვლოცულობდი, რომ ის რეპრესიები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, თქვენ არ განგეცადათ – ეს საშინელებაა“, – განუცხადა ციხანოუსკაიამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, ვაჟა თავბერიძეს.
„ვიცი, რომ ზეწოლა, შესაძლოა, გაიზარდოს, მაგრამ არ მინდა, იმ გზაზე გაიაროთ, რაც ჩვენ გავიარეთ. მინდა, რომ ძლიერები დარჩეთ და იმედი არ დაკარგოთ“, – თქვა მან.
ციხანოუსკაიას თქმით, ბელარუსში ბრძოლა უკვე ოთხი წელია გრძელდება, მაგრამ ხალხი არ ნებდება.
„ვგრძნობ, რომ თქვენც ასე იქნებით – ბოლომდე დადგებით. მაგრამ, მხოლოდ სიტყვები არ კმარა – დემოკრატიული სამყაროსგან რეალური მხარდაჭერაა საჭირო, რეალური ნაბიჯები შეშფოთებების ნაცვლად. დღეს კონფერენციაზე საქართველო ბევრჯერ ახსენეს. თქვენ ეს მხარდაჭერა გაქვთ, და რაც მთავარია – გაქვთ ნება და სიმტკიცე“, – თქვა მან.
„ვიცი, რომ ძალიან რთულ ვითარებაში ხართ – ჩვენ საზღვარი გვაქვს ევროკავშირთან, და ბელარუსზე შეტევა მთელი ევროპისთვის საფრთხედ აღიქმება. საქართველო ცოტა უფრო მოშორებულია და გარშემორტყმულია სხვა ქვეყნებით, მაგრამ მჯერა, რომ ამასაც გაუმკლავდებით“, – თქვა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.
ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის დამოუკიდებელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციებით დასრულდა.
ოპოზიციონერი ლიდერები და დემონსტრანტები ლუკაშენკას სასარგებლოდ მასშტაბურ გაყალბებებზე საუბრობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ უმრავლესობამ სინამდვილეში მხარი დაუჭირა ოპოზიციის კანდიდატ სვიატლანა ციხანოუსკაიას.
ხელისუფლებამ პროტესტი სასტიკად ჩაახშო. დაიწყო რეპრესიები, რომლებიც დღემდე გრძელდება. ბელარუსში ამჟამად 1000-ზე მეტი პოლიტპატიმარია, ხოლო ბევრ ოპოზიციონერ ლიდერს ქვეყნის დატოვება მოუწია.
ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში ლუკაშენკას ძალოვანმა უწყებებმა დააკავეს, დაკითხეს, სცემეს, დააჯარიმეს, გაასამართლეს და სამსახურის გარეშე დატოვეს ათობით ათასი ადამიანი, ასობით ათასი კი იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინათ.
2025 წლის 26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები, ალიქსანდრ ლუკაშენკამ ხმების 86,82% მოაგროვა. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არ გახსნილა.
არჩევნებზე არ ყოფილან ოფიციალური დამკვირვებლები ეუთოდან და დასავლეთის ქვეყნებიდან.
ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ მხარდაჭერა გამოუცხადა ბელარუს ხალხს, ასევე ყალბი უწოდა არჩევნებს ბელარუსში. „ჩემი გზავნილი ბელარუსის ხალხს: იყავით მტკიცენი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ, დიქტატურის დრო დასრულდება. დემოკრატია გაიმარჯვებს“, – დაწერა მან.
საქართველოში უკვე 82-ე დღეა, მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები იმართება
პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის სკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.
ამ ხნის განმავლობაში მილიარდერ ს „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. ისინი კვლავ პატიმრობაში არიან.
აქციები არაერთხელ დაშალეს და დაარბიეს ძალის გამოყენებით. დაკავებისას, იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე.
დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს.
პოლიციელისათვის სილის გარტყმის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დაპატიმრებულია მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. ამ ბრალდებას იურისტები აბსურდულად მიიჩნევენ.
პროევროპული აქციების მსვლელობისას ხელისუფლებამ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, რომლის საფუძველზე, მაგალითად, აიკრძალა აქციებზე სახის დაფარვა. ასევე აიკრძალა ფეიერვერკის გამოყენება და ლაზერის მინათება.

ასევე დაგაინტერესებთ

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სოფელ შრომაში ახალგაზრდა მამაკაცის დაშავების შესახებ, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება, მათთვის ცნობილია და შესაბამისი რეაგირება ექნებათ