უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პარასკევს, 28 ნოემბერს, მოსკოვში ჩავიდა. მას კრემლში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მოლაპარაკების დაწყებამდე მოკლე საუბარში პუტინმა თქვა, რომ მიესალმება ბუდაპეშტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესაძლო შეხვედრას.
მოსკოვში ვიზიტის შესახებ ორბანმა თავად დაწერა სოციალური ქსელით. მისი თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია “ენერგეტიკული უსაფრთხოება” და ზამთრის პერიოდში ენერგომატარებლების მიწოდების უზრუნველყოფა.
ორბანმა ასევე თქვა, რომ განხილული იქნება ინიციატივა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პუტინის გარდა, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საწვავისა და ენერგეტიკის საკითხებზე პასუხისმგებელი ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.
ვიზიტი აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივის, ე.წ. 28-პუნქტიანი გეგმის განხილვების ფონზე ხორციელდება. პუტინმა ახლახან დაადასტურა, რომ მოსკოვი მზადაა, ეს გეგმა აღიქვას ბაზისად, თუმცა კვლავ გაიმეორა რუსეთის მოთხოვნები, დონბასის ტერიტორიიდან უკრაინის სამხედროების გაყვანის ჩათვლით.
უკრაინის საკითხზე ორბანის პოზიცია მკვეთრად განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების სხვა ლიდერთა უმრავლესობის პოზიციისგან. იგი ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და სურს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა, ფაქტობრივად – ნებისმიერი პირობებით. ორბანმა უპირობოდ დაუჭირა მხარი 28-პუნქტიან გეგმას, რომელშიც შემდგომში ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე შესწორებები შეიტანეს.
ორბანი იყო ევროკავშირის სახელმწიფოს პირველი ლიდერი, რომელიც მოსკოვში ჩავიდა მას მერე, რაც რუსეთი 2022 წელს სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში. უნგრეთი განაგრძობს რუსეთის ნავთობის მილსადენით მიღებას.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ორბანის ვიზიტი არ იყო კოორდინირებული ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და მას არ აქვს მანდატი პუტინთან რაიმე განიხილოს ბლოკის სახელით. მერცმა გაიხსენა, რომ ორბანის შარშანდელი ვიზიტი რუსეთში უშედეგო იყო – რუსეთმა მხოლოდ გააძლიერა უკრაინაზე დარტყმები.




