რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
იური უშაკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს და მომავალ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
„რუსეთი და ჩინეთი მკაცრად გმობენ ისრაელის ქმედებებს, რომლებიც გაერო-ს წესდებას არღვევს. მოსკოვი და პეკინი იმ ფაქტიდან გამომდინარეობენ, რომ სიტუაციის ძალის გამოყენებით მოგვარება შეუძლებელია“, – განაცხადა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ინფორმაციით, პუტინმა და სი ძინპინმა კანადაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შედეგების შესახებაც ისაუბრეს.
„კერძოდ, მათ აღნიშნეს ის ცნობილი ხარვეზები, რომლებიც ამ შეხვედრის მონაწილეებს შორის ურთიერთობებში გამოიკვეთა“, – აღნიშნა უშაკოვმა.
