ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს და ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მხარს უჭერს ბირთვული შეთანხმების იდეას, რომლის მიხედვითაც, ირანი ურანის გამდიდრებას ვერ შეძლებს – Axios
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ასევე ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მხარს უჭერს ბირთვული შეთანხმების იდეას, რომლის მიხედვითაც, ირანი ვერ შეძლებს ურანის გამდიდრებას. აღნიშნულის შესახებ „აქსიოსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ორი წყაროს თქმით, რუსებმა ისრაელის მთავრობასაც მიაწოდეს ინფორმაცია ირანის ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით პუტინის პოზიციის შესახებ.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ის, რაც პუტინმა ირანელებს უთხრა“, – განაცხადა ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც „აქსიოსი“ წერს, პუტინმა ეს პოზიცია ასევე გააცნო გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას.
ამასთან, როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ირანის საინფორმაციო სააგენტომ უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ პუტინს ამ საკითხთან დაკავშირებით ირანთან არ უსაუბრია.
