რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ოფიციალური ქრონიკის თანახმად, ქვეყნის მეთაური კიმ ჩენ ინი სტუმარს თვითმფრინავის ტრაპთან შეხვდა.
ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში. პუტინი ჩრდილოეთ კორეას მეორედ სტუმრობს. პირველად რუსეთის ლიდერი კორეის ნახევარკუნძულზე 2000 წელს ჩავიდა.
რუსეთი “მაღალ შეფასებას აძლევს” ჩრდილოეთ კორეის “მტკიცე მხარდაჭერას რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს”, – წერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეის გამოცემა “ნოდონ სინმუმში”, ფხენიანში მისი ვიზიტის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში.
რუსეთი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ორი წლის წინ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომს, რომელსაც უკრაინის ბევრი ქალაქისა და სოფლის ნგრევა და ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის წინ დაიწყო სამხედრო წვრთნა, რომელშიც 40 ხომალდი და წყალქვეშა ნავი, ასევე 20 თვითმფრინავი და შვეულმფრენი მონაწილეობს.