რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთად მონაწილეობდნენ ნაციზმის, ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნები მონაწილეობდნენ ნაციზმის, ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს სთხოვა, ჩრდილოელ კორეელ ხალხს მადლიერების სიტყვები გადასცეს.
„გთხოვთ, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხალხს მადლიერების ყველაზე თბილი სიტყვები გადასცეთ“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.
მისი თქმით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს კურსკის ოლქის უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განთავისუფლებაში, კიმ ჩენ ინის პირადი ინიციატივით.
„თქვენი ინიციატივით, როგორც ცნობილია, თქვენმა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა მონაწილეობა მიიღეს კურსკის ოლქის განთავისუფლებაში, ჩვენი ახალი შეთანხმების სრული დაცვით. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ჯარისკაცები მამაცურად და გმირულად იბრძოდნენ“, – აღნიშნა პუტინმა.
შეხვედრამდე, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა, სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს იაპონიის წინააღმდეგ ჩინეთის ომსა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ტიანანმენის მოედანზე სამხედრო აღლუმს და სახალხო დარბაზში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.
