თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა და მათ ამომრჩეველს მიმართა.
როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ამ ამომრჩევლებმა არა პოლიტიკურ სუბიექტებს, არამედ ცარიელ სკამებს მისცეს ხმა.
„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც 2021 წელს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და სხვა პოლიტიკურ პარტიებს დაუჭირეს მხარი: აი, ეს არის თქვენი არჩევანი, აი, ამ ცარიელ სკამებს მიეცით ხმა, რომლებსაც, ფაქტობრივად, სამი წლის განმავლობაში სამი სიტყვა არ აქვთ ნათქვამი თბილისელებზე, სამი საკითხი არ აქვთ დაყენებული, რომლებსაც შეიძლებოდა მათივე ამომრჩევლის ან სხვა ნებისმიერი თბილისელის ცხოვრება შეეცვალა. მიზეზი არის ბოიკოტო, თუმცა ისინი ბოიკოტს უცხადებენ დედაქალაქის ისტორიულად გაზრდილ ბიუჯეტს, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობას, ბაღების რეაბილიტაციას, სკვერების, პარკების, ქუჩების, ახალი გზების მშენებლობას, სატრანსპორტო პოლიტიკას; ჯანდაცვის, სოციალურ და ახალგაზრდულ პროექტებს, ყველაფერ იმას, რაც ჩვენ გვიადვილებს და გვილამაზებს ცხოვრებას. ეს, ალბათ, კიდევ ერთი კარგი გაკვეთილი იქნება, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის კარგად დაფიქრდეთ, თუ ვინ წარმოადგენს დღეს დედაქალაქში თქვენს ინტერესებს. აი, ეს ცარიელი სკამებია თქვენი ინტერესების წარმომადგენელი და იგივე იქნება სამომავლოდ პარლამენტშიც. ამიტომ მეც ვთხოვ ოპოზიციას, დაგვიბრუნდით როგორმე, თქვენს ამომრჩეველს მაინც დაუბრუნდით, ეს თვეები მაინც გამოიყენეთ იმისათვის, რომ ცარიელი სკამები არ დაანახოთ საკუთარ ამომრჩეველს,“ – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ 27 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი. და ეს იმ დროს, როცა არჩევნების მხოლოდ წინასწარი შედეგები ეცოდინება საზოგადოებას. ისინი საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში, პირველ რიგში, თურმე, გააკეთებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს გაუღებენ სამოთახიანი პალატის კარს, გამოიყვანენ და ალბათ რომელიმე მაღალ თანამდებობაზე დასვამენ. რატომ? იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ, ომში ჩავერთოთ, კიდევ უფრო მეტი დევნილი, მეტი მოკლული ჯარისკაცი, პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე გვყავდეს. ასევე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების შემდეგ დედაქალაქში შეჩერდება ყველა მშენებლობა, ყველა ის პროექტი, რომლებიც მნიშვნელოვანია. აი, ასე უყურებენ ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებს. ასე უყურებენ ჩვენი თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების მომავალს.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეებისთვის არჩევანი მარტივია. ეს არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის, არჩევანი სტაბილურობასა და ქაოსს შორის, არჩევანი განვითარებასა და ნგრევას შორის. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს და ემიგრანტებს, რომ გამოვიყენოთ 26 ოქტომბრის არჩევნები, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა,“ – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.