„პრიმორიის ყველა რაიონიდან ჩამოსული დაწყებითი კლასის ათას ხუთასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა მარშში, თითოეული კოლონა სიმბოლურად წარმოადგენდა სხვადასხვა სახის ჯარსა და მოხალისეობრივ დაჯგუფებას“, – დაწერა რეგიონის ხელმძღვანელმა.
აღლუმს ერქვა „გამარჯვების შვილთაშვილები“ და ის 4 მაისს ვლადივოსტოკის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა.
„დღეს მარშის რიგებში იმ ბავშვებს ვიხილავთ, ვისი მამებიც ფრონტზე იბრძვიან. ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი მებრძოლების სიმამაცითა და თავდადებით და ვიცით, რომ, როგორც შორეულ 1945 წელს, მტერი დამარცხდება და გამარჯვება ჩვენთან იქნება“, – განაცხადა კოჟემიაკომ ღონისძიების გახსნაზე.
როგორც ვებგვერდ vl.ru-ის რეპორტაჟშია ნათქვამი, პირველკლასელთა ჯგუფები წარმოადგენდნენ სხვადასხვა სახის ჯარს: მოტომსროლელებს, ტანკისტებს, მეზენიტეებს, არტილერისტებს, ინჟინრებს, მეკავშირეებს, მესაზღვრეებს, მეზღვაურებს, ქვეით ჯარს, საჰაერო-სადესანტო ძალებს; ასევე წარმოდგენილი იყო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარი, ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო დაცვა, კოსმოსური ძალები, სამედიცინო სამსახური. აღლუმს ხელმძღვანელობდნენ მოქმედი სამხედროები და ომის ვეტერანები.
აღლუმს ესწრებოდნენ ჩრდილოკორეელი სკოლის მოსწავლეებიც.
„კორეის სახალხო არმიის ნაწილებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს უკრაინელი მებრძოლების განადგურებაში კურსკის მიწაზე. მათ რუს ძმებთან ერთად სიმამაცე და თავდადება გამოიჩინეს. ჩვენ ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით კორეელი მებრძოლების, რომლებმაც თავიანთი სამხედრო მოვალეობა ღირსეულად შეასრულეს“, – თქვა კოჟემიაკომ.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება აქტიურად რთავს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს სხვადასხვა სახის „პატრიოტულ“ ღონისძიებებში. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ეს პრაქტიკა რუსეთში მასშტაბურ ხასიათს იძენს.
ფორუმი