“ვკარგავთ დროს, ყოველდღე მეტი და მეტი ადამიანი მიდის”- რატომ ტოვებენ IT სპეციალისტები საქართველოს?

ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე ამბობს, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში IT ბინადრობის უფლება არსებობს, რომლებიც სექტორში დასაქმებულებს მოქნილ, გრძელვადიან ბინადრობის პირობებს სთავაზობს. სულაბერიძის თქმით, ამ მიმართულებით ასოციაცია მთავრობასთან მუშაობს, თუმცა დრო არ იცდის და გადაწყვეტილება სწრაფად არის მისაღები.
საქმე ის არის, რომ საქართველოში დასაქმებული უცხოელი IT სპეციალისტების ნაწილი ქვეყანას ტოვებს – მიზეზი ბინადრობის უფლებაა. სექტორში დასაქმებულები ამ მიმართულებით პრობლემებს აწყდებინ, რის გამოც სამუშაოდ ისეთ ქვეყანას ირჩევენ, სადაც მათთვის სპეციფიკური პირობები მოქმედებს.
“ამ ადამიანებს გრძელვადიანი ბინადრობის უფლებით ვუქმნით ერთგვარ უსაფრთხოების განცდას, რადგან მაგალითად, თუ ოჯახთან ერთად გადმოდის საცხოვრებლად და მხოლოდ ერთ წლიან ბინადრობის უფლებას გაძლევენ, არ იცი ერთი წლის შემდეგ რას აპირებ და რა ხდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი საქართველომ შემოიღოს სხვა ქვეყნების მსგავსი რეგულაციები. ჩვენ როგორც ასოციაცია ვმუშაობთ სახელმწიფო უწყებებთან, ეკონომიკისა სამინისტროსთან და სხვადასხვა სააგენტოებთან, რომ მსგავსი პრაქტიკა დავნერგოთ აქ. როგორც ვიცით, ეს პროცესი მიდის, თუმცა ყოველდღე ვკარგავთ დროს, მეტი და მეტი ადამიანი ტოვებს ყოველდღე საქართველოს და ყველაზე დიდი მაჩვენებელი როცა ვკითხულობთ, რატომ გადადიან ქვეყნიდან მიზეზად სახელდება ბინადრობის უფლების არ ქონას”, – ამბობს ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე.