არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო მხოლოდ ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლება.
როგორც არქიმანდრიტი TV პირველთან ამბობს, ის ელოდა, რომ ეპარქიული კომისია მის ეკლესიიდან განკვეთას მოითხოვდა.
„ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან მე ვიცი, რომ მამა ანდრიას [ჯაღმაიძე] ბევრად უფრო მეტი უნდა, უნდოდა ჩემი საერთოდ ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა. თუმცა ძალიან ვწუხვარ, რომ პატრიარქს ასეთი განსაცდელი დავატეხე თავს, დღეს სუს-ის მანქანები დარბოდნენ, 5-6 მანქანა შევიდა სუს-ის და პატრიარქსაც დიდი ბრძოლა მოუწია. თუმცა მადლობა უწმინდესს, რომ მაინც დაიცვა ჩემი მღვდლობა.
რაც შეეხება ბეთლემის ტაძარს, მე არათუ ბეთლემის ტაძარი, არამედ ჩემი ოფლით და სისხლჩაქცევით ნაშენები სამი მონასტერი მაქვს დატოვებული ეკლესიისთვის. ასე რომ, დატოვების პროფესიონალი ვარ, სამებაც მაქვს თავის დროზე დატოვებული, მონასტრებიც მაქვს დატოვებული, ახლა ბეთლემი. ერთ მშვენიერ დღეს ისინიც დატოვებენ ამ ქვეყანას. არაფერი რომ არ ექნებათ ამქვეყნად დატოვებული და ერთბაშად ექნებათ დასატოვებელი, იმათ ინანონ, თორემ მე არაფერი არ მაწუხებს, ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, რომ არქიმანდრიტი ვარ, ჩემი მღვდლობის ხარისხში ვარ და სამებაში, აქ ვცხოვრობ მე და აქ განმაწესეს. მრევლი დაისაჯა, თუმცა ძალიან ბევრი იყო ისეთი მხცოვანი ხალხი, რომლებიც ბეთლემში ვერ ამოდიოდნენ კიბეებიდან გამომდინარე და ისინი, იმედია, აქ მოვლენ ახლა“, – განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. ეპარქიული კომისიის განცხადების გავრცელებიდან ნახევარ საათში გამოქვეყნდა ილია მეორის ხელმოწერით ბრძანება, სადაც ის კომისიის შუამდგომლობას დაეთანხმა.
საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მონაწილეობის გარეშე, დღეს, 29 ოქტომბერს გაიმართა.
თავად არქიმანდრიტი საპატრიარქოში მივიდა კომისიის სხდომაზე დასასწრებად. ის ითხოვდა სხდომის საჯაროობის უზრუნველყოფას, თუმცა საპატრიარქოში ჟურნალისტების შესვლაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც მან შენობაში შესვლაზე უარი თქვა.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის გასამართლების კომისიის თავმჯდომარე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი იყო.
ეპარქიულმა კომისიის განცხადებით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, „ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები“.
კომისიამ სასჯელის სახით არქიმანდრიტისთვის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გათავისუფლება და მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში განწესება დაადგინა, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს, რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის გამო, საპატრიარქოს წარმომადგენლები ახსნა-განმარტებას მანამდეც სთხოვდნენ. ის 16 ოქტომბერსაც იყო დაბარებული საეპარქიო კომისიის სხდომაზე, სადაც „მკაცრი გაფრთხილება“ გამოუცხადეს.




