მამუკა ხაზარაძე სანქციების სიაში ბიზნესმენების მოხვედრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ საკუთარ განცხადებას სოციალურ ქსელში განმარტავს.
ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ თქვა, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვედრებზე ადვოკატირებას უწევდა იმ ბიზნესსტრუქტურებს, რომლებიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“მათთვის, ვინც ჩემს გუშინდელ ინტერვიუს უყურა და სხვაგვარი ინტერპრეტირება გააკეთა – ვიყავი და ვიქნები ქართული ბიზნესის მხარდამჭერი, მასზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. კონკრეტული ბიზნეს სტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში (ეს ვთქვი გუშინ).
საუბარია ათობით ათას ადამიანზე, ეს ხალხიმუშაობს და ქმნის ყოველდღიურად დოვლათს, იღებენ გასამრჯელოს და არჩენენ ოჯახს. სანქციებზე გადაწყვეტილებას იღებენ აშშ-ს შესაბამისი სტრუქტურები. რუსული რეჟიმის დამფინანსებლები, ანუ ძალადობის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ, ეს პოზიცია გვქონდა და რჩება უცვლელი.აქვე, ჩემი რჩევა
დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს – ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში. როცა მე და ბადრის წინააღმდეგ ბიძინამ და მისმა ყურმოჭრილმა პროკურატურამ შეტევა დაიწყო, საქმის აღძვრამდე მე და ბადრიმ დავტოვეთ ყველა ბიზნესსტრუქტურა და თანამდებობა, დავტოვეთ კომპანიები და ამით გადავარჩინეთ ათასობით თანაგუნდელის სამუშაო ადგილი, ჩვენი ბიზმესპარტნიორები ბევრპრობლემას და პროექტების დახურვას. თქვენი დასანქცირება პირდაპირ ნიშნავს თქვენი კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის გამოუსწორებელ ზიანს. გაემიჯნეთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გადაარჩინეთ ათასობით თქვენი თანამშრომელი სამუშაოს დაკარგვას. რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას თავისი ფასი აქვს და მძიმე შედეგები მოჰყვება!”, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ვაშინგტონში თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის კონგრესმა წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივნის კანდიდატს მარკო რუბიოს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ. რადიო თავისუფლების ცნობით, წერილში ჩამოთვლილია ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ სია – 25 პირის გვარი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ელიტარულ კორუფციაზე, პროპაგანდასა და რეპრესიებზე. წერილი მომავალ სახელმწიფო მდივანს მათთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართავს. სიაში არაერთი ბიზნესმენია, მათ შორის სოსო ფხაკაძე, ნოშიკო ნამორაძე, ირაკლი გილაური და ა.შ.
