ანი დვალიშვილი
მოდით, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ გვეტყვის, „ალია“ გაგიმხელთ. წინასაარჩევნოდ, მათი მათავარი გზავნილი ის იქნება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი გახდება. კანონით, ამის უფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს, რადგან სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ ყველამ იცის, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ეს მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაა, რადგან ქართული პოლიტიკა ასეთია – გამარჯვების შემდეგ, მმართველი ძალა კანონს საკუთარ თავსა თუ ლიდერზე მარტივად ირგებს. ეს გადაწყვეტილება თავად სააკაშვილმა მიიღო და ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, დასავლეთის მხარდაჭერა, როგორც არასდროს, ისეთი იქნება. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნაციონალებს ევროპასა თუ ამერიკაში, მართლაც მეტი პარტნიორი თუ მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, მაგრამ იმ პარტნიორებმაც იციან, რომ ოპოზიციას საქართველოში უჭირს ყველაზე მთავარ ასპექტში – ადამიანურ რესურსში, ანუ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.
არჩევნებისთვის მზადებასთან ერთად, სააკაშვილი მყარად იღებს ხელში პარტიის მართვის სადავეებსაც და ზუსტად ისე იქცევა, როგორც მაშინ, როცა ქვეყნის სათავეში იყო. პრინციპი, „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“, ზუსტად ნაციონალების დღევანდელ მდგომარეობაზეა ზედგამოჭრილი და უკვე მიმდინარე კვირაში, პარტიიდან საზეიმოდ გარიცხავენ ნიკა მელიას და მის მხარდამჭერებს, რომლებიც ამტკიცებენ, პარტიიდან როცა წავალთ, თან 40 ათასზე მეტ ამომრჩეველს გავიყოლებთო. ყველა ხვდება, რომ მელიას საარჩევნოდ ფინანსებში ძალიან გაუჭირდება და რაც მთავარია, მის მიერ შექმნილ ახალ პოლიტიკურ ძალას, 5%-იანი ბარიერის დაძლევა მოუწევს, რაც ამ გადმოსახედიდან, წარმოუდგენლად ჩანს. ისე, სააკაშვილმა ისიც თქვა, მზად ვარ, პოლიტიკური ლიდერობა ავიღოო და პასუხს არც დალოდებია, ის უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, პირადად (თუ ერთპიროვნულად არა) შეადგენს საპარლამენტო სიასაც და მასში იმდენი ახალი სახე ეყოლება, ბევრს გაუკვირდება. როცა ვამბობთ ახალი სახე, იმ ხალხს ვგულისხმობთ, ვისაც პარლამენტარის მანდატი აქამდე არ ჰქონია და ესეც დაგვიანონსა ექს-პრეზიდენტმა. ზოგადად, სააკაშვილს ციხიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მისი ფაქტორი რომ იმუშავებს, ცხადია.
ის, რომ ხელისუფლება 5%-იანი ბარიერის დაწევას არ აპირებს, უკვე ყველასთვის ცხადია. ოპოზიციური პარტიები კი ამტკიცებენ, ჩვენთვის ბარიერი პრობლემა არ იქნებაო, მაგრამ ეს მხოლოდ ამომრჩევლისთვის და დასავლელი პარტნიორებისთვის გაკეთებული გზავნილია. რეალობა კი, მათთვის ძალიან მწარეა და ამ გადმოსახედიდან, ამ ბარიერს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა… სავარაუდოდ, ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ დაძლევს. ჰო, ვერ დაძლევს და მათ რიგშია „ლელოც“, რომელიც თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობისთვის ემზადება, მაგრამ მამუკა ხაზარაძე ხმამაღლა ვერ და არ ამბობს, რომ რეგიონებში, მისი პარტია ნაწილებად დაშალეს, ლიდერები დაასაქმეს, აქტივისტებიც დაასაქმეს, გადაიბირეს და წინასაარჩევნოდ, მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში, პარტიის ახლიდან აშენება მოუწევს, რაც ფინანსებთან ერთად, ადამიანურ რესურსსაც მოითხოვს, რომელშიც ოპოზიცია ძალიან მოიკოჭლებს. იგივე მდგომარეობა აქვთ სხვა პარტიებსაც. მაგალითისთვის გეტყვით, რომ შალვა ნათელაშვილს და მის „ლეიბორისტულ პარტიას“, რეგიონებში ერთი ოფისიც აღარ შერჩათ და პარტია, რომელიც სამეულში მოხვედრაზე აცხადებდა ხოლმე პრეტენზიას, ახლა ბარიერის დაძლევაც უჭირს. სხვათა შორის, ასეთი პარტიების სიმრავლე ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, რადგან არჩევნების შედეგები თუ არ მოეწონებათ, ისინი ქუჩაში გავლენ, იტყვიან, გაყალბდაო და სწორედ ეს ურეიტინგო პარტიები და მათი ლიდერები დაუდგებიან გვერდით. რას მოიტანს ეს? საერთაშორისო საზოგადოების თვალში, დიდი მნიშვნელობა ექნება, გაყალბებაზე პრეტენზია ერთ ოპოზიციურ პარტიას ექნება თუ – 30-ს.
ამასობაში, მმართველი გუნდის ლიდერებმა მიიღეს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი, განაჩენის გამოტანის შემდეგ, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას აპირებს. ვერ გეტყვით, ვინ გამოიტანა ეს ამბავი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, მაგრამ, როგორც გვეუბნებიან, ზურაბიშვილმა უკვე გასცა დირექტივა და გრიგორიადისის შესაწყალებლად ყველა დოკუმენტი მომზადებულია და მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია. აი, პრეზიდენტს ხელმოწერის უფლება კი, მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ამ ეტაპზე, ქალბატონ სალომეს, სწორედ ამავე მიზეზით, არ აქვს უფლება სააკაშვილი შეიწყალოს, მაგრამ რომც ჰქონდეს, იგი უდიდესი ალბათობით, თავს შეიკავებს. საქმე ის გახლავთ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ზურაბიშვილს მინიშნებით უთხრეს მიშას გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიეღო და ისიც ამ თემაზე ფიქრობდა, მაგრამ რისკების გათვლის შემდეგ, ფიქრობს, რომ სააკაშვილის გამოშვება ამ ეტაპზე შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი გახდეს და მთავარი დამნაშავე ზურაბიშვილი გამოვა. აი, გრიგორიადისი სხვა საქმეა – ისე გამოჩნდება, რომ პრეზიდენტი მის ქმედებას, ანუ პოლიციელების მკვლელობის მცდელობას გაამართლებს და თუ ქუჩაში ახალგაზრდები ისევ გამოვლენ, მათ იმედი ექნებათ, ნებისმიერი ქმედება შესაძლოა, ეპატიოთ და არავინ დასჯით. სწორედ ამ საფრთხის გამო, პრეზიდენტს წერილი იმ სამართალდამცავებმაც კი გაუგზავნეს, რომლებიც მარტის აქციების დროს დაშავდნენ და გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ლაზარე ახალ წელს სახლში შეხვდება. სწორედ ახალ წლამდე უნდა დადოს სასამართლომ განაჩენი.
თუ ნაციონალების სიას ერთპიროვნულად სააკაშვილი ჩამოწერს, მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის დაწერა უკვე დაწყებული აქვს ირაკლი კობახიძეს, რომელიც სიაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რეკომენდირებულ ადამიანებსაც ჩაწერს, კახა კალაძის აზრსაც გაითვალისწინებენ, უშიშროების არაერთი კადრიც მოხვდება გამსვლელთა შორის და საბოლოო ჯამში, ეს სია ბიძინა ივანიშვილს გადაეგზავნება კორექტირებისთვის. ვინც არ იცის, გავუმხელთ, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნების დროს, ივანიშვილმა ე.წ. „გამსვლელი სიის“ პირველადი ვარიანტიდან, 20-ზე მეტი ადამიანი ამოიღო. და ნაკლებს არც ახლა ელიან. ჰო, გამსლველი სიიდან 20 ადამიანის ამოღება, სიის რადიკალურად შეცვლაა და ახლა, პარტიის ლიდერები ცდილობენ, რომ ივანიშვილის მოსაწონი გვარები ჩაწერონ. იმასაც გვეუბნებიან, ბატონი ბიძინა, გამსვლელი სიიდან, პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ამოიღებს და მას სავარაუდოდ, რომელიმე სამინისტროში მოადგილედ, ან დეპარტამენტის უფროსად გაისვრიანო და ვნახოთ, რამდენად გამართლდება ეს ვარაუდი. ვიღაც იტყვის, ჭორია, აბა გვარს რატომ არ წერთო და მართლებიც იქნებიან – საუბარი არჩილ თალაკვაძეზეა და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.
და ერთიც – არჩენვებში მონაწილეობის მიღებას, დამოუკიდებლად აპირებს „ხალხის ძალა“ და რამდენად მოახერხებს ეს პარტია 5%-იანი ბარიერის გადალახვას, ძნელი სათქმელია. არადა, ამ პარტიის ლიდერები გარეთ დარჩენას არანაირად არ აპირებენ და ისინი ბარიერამდე „ოცნების“ აქტივმა უნდა მიიყვანოს. ვნახოთ, რამდნად გამოუვა მმართველ გუნდს ჩანაფიქრი.