“ვიღაცა შვილებს გვიწამლავდა და 3-დან 5 წლამდე ციხეო. მზია ამაღლობელმა მოძალადე პოლიციელს სილა ოდნავ გაკრა და 2 წელიო” – ნანა დიხამინჯია

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
ვინმე გ.ა.-ს და ფ.დ.-ს თბილისში ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც ამზადებდნენ რაფაელოს და ჯაკობსის ყავას.
ამოიღეს 2400 რაფაელო და 10000 ერთჯერადი ყავა.
ასევე ამოიღეს ვადაგასული ტკბილეულის ქინდერ შოკოლადის და რაფაელოს ყუთები.
სავარაუდოდ, ვადაგასულ ტკბილეულს თავიდან ფუთავდნენ. თქვენ ბედნიერად ყიდულობდით შოკოლადს ბავშვისთვის და თურმე ვადაგასულს აჭმევდით, ან კუსტარულად დამზადებულს.
მაგრამ არავინ გვეუბნება, რომელ მაღაზიებში იყიდებოდა ეს პროდუქცია. არავინ გვეუბნება, რას ურევდნენ ამ პროდუქციაში. არავინ აპირებს, დაიაროს მაღაზიები და იპოვოს ყალბი პროდუქცია, რომელიც ჯერ კიდევ იყიდება. ანუ ახლაც, როცა შვილისთვის ქინდერ შოკოლადს ყიდულობთ, რა ნაგავს აჭმევთ, არ იცით.
და რომ იცოდეთ, თუ ბრალი დაუდასტურდათ, ამ ორ ტიპს ემუქრება 3-დან 5 წლამდე ციხე.
გაიხსენეთ, რამდენი მიუსაჯეს ახალგაზრდა ბიჭებს, რომელთაც 300-400 ლარის ზიანი მიაყენეს ქალაქს.
ვიღაცა შვილებს გვიწამლავდა და 3-დან 5 წლამდე ციხეო. მზია ამაღლობელმა მოძალადე პოლიციელს სილა ოდნავ გაკრა და 2 წელიო.
ჩვენ რომ შვილები გვიყვარდეს, ხვალვე ფინანსთა სამინისტროსთან უნდა იდგეს ყველა მშობელი და ითხოვდეს სრულ ინფორმაციას – რას შეიცავდა ეს ყალბი ტკბილეული და ყავა, რამდენად ვადაგასული ტკბილეული იფუთებოდა, რომელ მაღაზიებში შედიოდა და აპირებენ თუ არა ამოღების ოპერაციას.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად მზადდებოდა ფალსიფიცირებული Raffaello-ს და Jacobs Monarch.ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 10 000 ერთეულზე მეტი Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი Raffaello-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული. 

ასევე, ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ყავა Jacobs Monarch-ის და Carte Noire-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეულიs, Kinder Schokolade-s, Jacobs Monarch-ისa და Raffaello-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისა და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.