ვიქტორ წილოსანი: დედაქალაქში ამჟამად იმაზე მეტი საპარკინგე ადგილია, ვიდრე მისი გამტარუნარიანობაა

როგორ მიმდინარეობს სატრანსპორტო რეფორმა თბილისში და როდის განეიტრალდება საცობების პრობლემა, რამდენი საპარკინგე ადგილია და რატომ არ ინტერესდება ამ მიმართულებით ინვესტირებით ბიზნესი, Business Insider Georgia თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ  ვიქტორ წილოსანს ესაუბრა:

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა მ განაცხადა, რომ ქალაქში არსებობს საპარკინგე სივრცეები და პარკირების პრობლემა არ არის. რამდენი საპარკინგე ადგილია თბილისში? ფასიანი და უფასო?

პარკირება არის კერძო ავტომობილის გადაადგილების წახალისება და ყველა განვითარებულ ქალაქში გამოიყენება, როგორც მობილობის მართვის ინსტრუმენტი. დედაქალაქში ამჟამად იმაზე მეტი საპარკინგე ადგილია, ვიდრე მისი გამტარუნარიანობაა, თუმცა ვინაიდან ვართ რეფორმის პროცესში და ალტერნატიული გადაადგილების ინფრასტრუქტურა სრულად არ გვაქვს მოწყობილი, მობილობის მართვის ამ ინსტრუმენტს სრული შესაძლებლობით არ ვიყენებთ.

დღეისთვის დედაქალაქში არსებობს რამდენიმე ტიპის პარკირება. კერძოდ, ჩვეულებრივი საპარკინგე არეალები, სადაც ყოველწლიურად ვიხდით 50-ლარიან მოსაკრებელს და ამის შემდეგ იმ ტერიტორიაზე პარკირება არის უფასო; ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომლის ღირებულება არის საათში ერთი ლარი, სადაც სპეციალურად გამოყოფილია ადგილები ტაქსების, შშმ პირების, ელექტრომობილებისა და სადისტრიბუციო ავტომობილების პარკირებისთვისაც, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისით სარგებლობა უფასოა.

თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებების პარკირების  27 614 ადგილი, რომელთაგან ნაწილი არის უფასო, ნაწილზე კი მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. ზონალური პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ელექტრომობილის მფლობელებისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და დისტრიბუციისთვის მათთვის გამოყოფილ ადგილებზე. დანარჩენ შემთხვევაში, პარკირების საფასური შეადგენს ერთი საათი – ერთ ლარს. ამ დროის მონაცემებით, დედაქალაქში გამოყოფილია ზონალურ-საათობრივი პარკირების 12 837 ადგილი.

ბოლო სტატისტიკით, საშუალოდ, რამდენი ავტომანქანა გადაადგილდება თბილისში?

სამუშაო დღეებში, 24 საათის განმავლობაში, დედაქალაქში საშუალოდ, 700 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ შემცირდეს ავტომობილებზე დამოკიდებულება, რისთვისაც საჭიროა, რომ ქალაქს ჰქონდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი მეტი ზოლი და ალტერნატიული გადაადგილებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, ხოლო მოსახლეობამ ამის შემდეგ თავად განსაზღვროს, გადაადგილების რა საშუალება გამოიყენოს.

მეტი ავტომობილი ავტომატურად ნიშნავს მეტ გამონაბოლქვს, ხმაურსა და საცობს, რაც, როგორც კერძო ავტომობილით, ისე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას ართულებს და ქმნის არაჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს.

რაც შეეხება საპარკინგე სივრცეებს, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, ფილარმონიის წინ არსებულ სივრცეზე მიწისქვეშა პარკირების სისტემის მოწყობის მიზნით გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა ბიზნესი არ დაინტერესებულა. როგორ ფიქრობთ რატომ არ ინტერესდება ამ მიმართულებით კერძო ბიზნესი?

თბილისის მერიამ, რამდენიმე ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ჯერ კიდევ 2018 წელს გამოაცხადა, თუმცა პირველ ეტაპზე, ინტერესთა გამოხატვა უარყოფითი შედეგით დასრულდა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ქალაქში პარკირება, მიუხედავად ფასიანი სერვისებისა, მაინც ძალიან იაფია.

ამის მიზეზია ტენდერის პირობები თუ პარკინგზე არსებული ფასი? ხომ არ გეგმავთ ფასის ზრდას?

როგორც უკვე მოგახსენეთ, პარკირება არის მობილობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა, ვინაიდან რეფორმის პროცესში გასამართია გადაადგილების ალტერნატიული შესაძლებლობების ინფრასტრუქტურა, ამიტომ, აღნიშნულ ბერკეტს სრულად არ ვიყენებთ.

თბილისის მერია 2024 წელს კიდევ რომელ ლოკაციებზე გეგმავს საპარკინგე ადგილების მოწყობას? თუ არ აპირებთ, რა ალტერნატივას სთავაზობთ ავტომფლობელებს?

განსაზღვრულია ათი ყველაზე დატვირთული ლოკაცია, სადაც დაინტერესება არ გვაქვს. შესაბამისად, ახალი ლოკაციის დამატებით გამოყოფა, აზრს მოკლებულია.

ამ ეტაპზე, ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და დიდუბის რაიონების ძირითად ქუჩებსა და გამზირებზე; სამგორის რაიონში – მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანის რაიონში – მუხიანის გადასახვევის მიმდებარედ; ისნის რაიონში – ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ; ჩუღურეთის რაიონის გარკვეულ ქუჩებსა და აბანოთუბანში.

საპარკინგე სისტემის მოწესრიგება და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება/მოწყობა ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად ხორციელდება. სადაც ვახორციელებთ ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, იქ ვითვალისწინებთ ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შესაბამის საპარკინგე სივრცეების გამოყოფასაც. რაც შეეხება გადაადგილების სხვა საშუალებებს, მგზავრებს ვთავაზობთ სხვადასხვა ალტერნატივას, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე ოპერირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარებისა და მოქალაქეთა კომფორტულ გადაადგილებაზე ორიენტირების თვალსაზრისით. აქ იგულისხმება, როგორც ოპერაციული, ისე ფინანსური – გადახდის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის ნაწილი, რათა მგზავრებმა ქალაქში გადაადგილებისთვის მათთვის საუკეთესო და მისაღები ფორმა აირჩიონ.

წყარო