ვიქტორ ყიფიანი – სალომე ზურაბიშვილის დიდი პოლიტიკური კაპიტალი, რაც მას განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ აქვს, სამწუხაროდ, იმ ხარისხით არ არის ამოქმედებული ქვეყნის შიგნით – მას არ ჰყავს საყრდენი პოლიტიკური ძალის სახით

ის ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, სამწუხაროდ, იმ ხარისხით არ არის ამოქმედებული ქვეყნის შიგნით. მას არ ჰყავს საკუთარი საყრდენი პოლიტიკური ძალის სახით და ის ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა თავის ავტონომიურ რეჟიმში აგრძელებს მოქმედებას , – ამის შესახებ “ჯეოქეისის” თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ყიფიანის თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან უფრო მეტად ხმაური ისმის, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური შედეგი იდება.
“სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არ არის გეგმა, ეს არის გარკვეული პრინციპების დეკლარირება. დეკლარირებასა და გეგმას შორის არის განსხვავება – ეფექტიანობა და ეფექტურობა. დეკლარაცია შეიძლება იყოს ძალიან ეფექტიანი, მაგრამ გეგმის კუთხით, ეფექტურობის კუთხით, შედეგის მიღწევის კუთხით, საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე ამ მხრივ ამ დეკლარაციას, ჩემი აზრით, ჯერჯერობით გეგმის შინაარსი არ აქვს.
არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი თავის ღერძზე მოძრაობს და ამ ავტონომიურ წრეებს შორის ურთიერთგადაკვეთა არის ძალიან ნაკლები? ნებსით თუ უნებლიედ, ეს ეხება ქალბატონ სალომესაც. ის ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი, რაც მას აქვს, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, სამწუხაროდ, იმ ხარისხით არ არის ამოქმედებული ქვეყნის შიგნით. მას არ ჰყავს საკუთარი საყრდენი პოლიტიკური ძალის სახით და ის ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა თავის ავტონომიურ რეჟიმში აგრძელებს მოქმედებას.
ნებისმიერ ასეთ გაერთიანებაში, ნებისმიერ ასეთ სუბიექტში არიან ჩვენთვის ძალიან საინტერესო ინდივიდები, მაგრამ ინდივიდების ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან იმ პოლიტიკური კულტურის მომასწავებლები, რომლებიც ჩვენ ასე გვესაჭიროება.
გადის დრო და ჯერჯერობით ეს მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის სამოქალაქო ინიციატივის გამოისობით. პოლიტიკური მდგენელი იქ არ ჩანს, ამიტომ ჩვენ პოლიტიკოსების მხრიდან უფრო მეტად ხმაური გვესმის, ვიდრე კონკრეტულ შედეგს ვხედავთ მატერიალური სახით, ამიტომ დავსვათ ასეთი რიტორიკული კითხვა – ის პოლიტიკური ველი, რომელიც არის, რამდენად აქტუალურია, რამდენად პასუხობს დროის ამოცანებს და რამდენად შეუძლია ქართველ ამომრჩევლამდე მიიტანოს ის, რასაც ამომრჩეველი პოლიტიკური სპექტრისგან ელის”, – განაცხადა ყიფიანმა.
კითხვაზე, უნდა გავიდეს თუ არა ამ პროცესებიდან, ვიქტორ ყიფიანმა განმარტა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქვეყნის გარეთ ძალიან დიდი რეპუტაციით სარგებლობს, ამიტომ ასეთ სარგებლიან ფიგურაზე უარის თქმა დანაშაულზე უფრო მეტი შეცდომა იქნებოდა.
“მე არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესებიდან ვინმე უნდა გავიდეს, მითუმეტეს ეს არ ეხება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს. ჩვენ ვხედავთ, რაოდენ დიდი რეპუტაციით სარგებლობს ქალბატონი სალომე ქვეყნის გარეთ. პრაქტიკულად, ქვეყნის გარეთ ის არის ერთადერთი ფიგურა, რომელიც საქართველოს წარმოადგენს და ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე გააქვს ამბავი. ასეთ სარგებლიან ფიგურაზე უარის თქმა იქნებოდა დანაშაულზე უფრო მეტი შეცდომა.
რაც შეეხება დანარჩენებს, არსებულმა სუბიექტებმა, ალბათ უნდა გადახედონ თავიანთ შიდაპარტიულ დემოკრატიასა და შიდა ადამიანურ რესურსს. თუ ასეთ რესურსს ისინი თავიანთ წიაღში ხედავენ, ეს რესურსი ზედაპირზე უნდა წამოვიდეს და თუ ასეთი რესურსი ვერ მოიძებნა, მაშინ სათანადო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ”, – აღნიშნა ყიფიანმა.