მიკვირს „ქართული ოცნების”, რომელსაც ყოველთვის უნიკალური ნიჭი აქვს, საპროტესტო დღის წესრიგი შექმნას საკუთარი გამოისობით, საკუთარ ფეხშივე გასროლით და თუ მაინც და მაინც ელენეს მოწოდებას ჩვენ ამ შემთხვევაში პერიფრაზირებას გავუკეთებთ, დამხობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” თავისი მოქმედებებით შეიძლება საკუთარი თავი ჩაიყენოს ძალიან რთულ ვითარებაში. ვითარება, რომელშიც შეიძლება მათ ქვეყანა შეიყვანონ, იქ გამარჯვებული არ იქნება, ჩვენ ყველანი ერთად დავმარცხდებით, – ამის შესახებ “ჯეოქეისის” თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ყიფიანი საპროტესტო აქციებსა და არჩევნების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ ის ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის მომხრეა, თუმცა ამას რამდენიმე წინაპირობა უნდა ჰქონდეს, მათ შორის, ამომრჩევლის მოტივაცია.
„ქართულმა ოცნებამ”, გარკვეულწილად, იმუნიტეტი გამოიმუშავა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და თუნდაც ის საპროტესტო აქციები, რომელიც რუსთაველზე იმართება, სადაც ეს ბოლო პერიოდია, გრადუსი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მკვეთრად დაეცა და ძირითადად ასი კაცი კეტავს გამზირს, აქაც ძალიან ჭკვიანური მეთოდი შეიმუშავა “ქართულმა ოცნებამ” – ის, ფაქტობრივად, აძლევს ამ საპროტესტო მუხტს თვითლუსტრირების საშუალებას – როგორ დასუსტდა, როგორ დაუძლურდა, ყოველ შემთხვევაში, მათი გადმოსახედიდან, თორემ პროტესტი სადმე კი არ წასულა და აღარც ერევა უკვე.
რაც შეეხება არჩევნებს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება კანდიდატი, მიუხედავად იმისა, როგორ შეჯერდებიან პარტიები, მე მაინც მომხრე ვარ, რომ ჩვენ ვიფიქროთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. თუ რამეს შეუძლია ახლა ბიძგი გააჩინოს, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ რამდენიმე პირობით და ეს პირობები არის შემდეგი: საპროტესტო ამომრჩეველს მოტივაცია სჭირდება და ამას სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა და ასევე, აუცილებელია ერთიანი სიებით გასვლა საკრებულოებთან დაკავშირებით და აუცილებელია ერთიანი მერობის კანდიდატებით გასვლა. ეს წინაპირობები არჩევნებში მონაწილეობას მისცემს აზრს, სხვაგვარად”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის მზად იყო და დასავლეთის მხრიდან წნეხსაც სათავისოდ იყენებს.
„არ მტოვებს განცდა და ეს არ არის მხოლოდ განცდა, არამედ გარკვეულ ინდიკატორებზე თუ პარამეტრებზე შემიძლია დავაფუძნო ჩემი პასუხი, რომ „ქართული ოცნება”, განსაკუთრებით, მისი ლიდერშიპი მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის მზად იყო, რომ ქვეყანა დასავლური სამყაროს მხრიდან მოექცეოდა იზოლაციაში, ის შეგნებულად მიდიოდა ამაზე და უფრო მეტიც – რაც უფრო მეტად გაიზრდება წნეხი, ეს უფრო მეტად წაადგება “ქართულ ოცნებასა” და მასთან დაკავშირებულ გავლენის ჯგუფებს მათი სადეზინფორმაციო ნარატივის განვითარებაში და შესაბამისად, მათი პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევაში.
ევროკავშირი ძალიან უცნაური ქმნილება არის, მას აქვს თავისი საშუალებების ზღვარი, რომლის იქეთაც ის ვერ წავა. მე შთაბეჭდილება მექმნება, რომ მან თითქოს ამ ზღვარს მიაღწია”, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
