ვიქტორ ყიფიანი – ამომრჩეველში დაკვეთაა ცენტრისტულ, გაწონასწორებულ, ადეკვატურ, რაციონალურ პოლიტიკაზე, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ საპასუხოდ გარკვეული ნაბიჯი უნდა გადაგვედგა – გამოსაკვეთია შინაარსობრივი იდენტობა

ქართველ ამომრჩეველში არის დაკვეთა ცენტრისტულ, გაწონასწორებულ, ადეკვატურ, რაციონალურ პოლიტიკაზე, ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში, ამ მოლოდინების საპასუხოდ გარკვეული ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, – მის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც „ჯერ საქართველო“ ჰქვია, იურიდიულად ჯერ არ არის პარტიად დარეგისტრირებული და მუშაობა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს.
„4 ოქტომბრის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც გარკვეული გამოცდა ვერ ჩააბარეს ცენტრისტულმა პარტიებმა – „ლელომ“ და „გახარია საქართველოსთვის“, „ჯეოქეისში“ შეგვექმნა ისეთი წარმოდგენა, რომ ქართულ საზოგადოებაში, ქართველ ამომრჩეველში არის ისეთი შიმშილი, დეფიციტი, დაკვეთა ცენტრისტულ, გაწონასწორებულ, ადეკვატურ, რაციონალურ პოლიტიკაზე, რომელიც არ იქნება შეპყრობილი ბოდვითი თეორიებით და არც უკიდურესობიდან უკიდურესობაში მიქცეული იქნება, ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში, ამ მოლოდინების საპასუხოდ გარკვეული ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, მაგრამ ვინაიდან, ჯერჯერობით ეს არის სამუშაო სტატუსით მიმდინარე პროცესი, ბუნებრივია, ჩვენ ჯერჯერობით უნდა დავტესტოთ ჩვენი ასეთი პოზიციონირება, რომელიც ფორმალურ სტატუს არ ატარებს.
მთავარია, ჩვენ ჯერ ჩვენი შინაარსობრივი იდენტობა გამოვკვეთოთ. ჩემი აზრით, ეს არ არის რთული გამოსაკვეთი იმიტომ, რომ „ჯეოქეისის“ მემკვიდრეობა ჩვენ ამ მხრივ გვეხმარება. სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, იქნება ეს ზეპირი თუ წერილობითი, სხვადასხვა მიმართულება ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს.
ჩვენ მზად ვართ, ჩვენ, ფაქტობრივად, დინამიკაში მოვედით, რომ ამ მოლოდინს ვუპასუხოთ. რაც შეეხება კონკრეტულ ფორმალობას, ეს რაოდენ არ უნდა იყოს მეათეხარისხოვანი თემა, რაღაც მომენტში, როდესაც ჩვენ ჩავთვლით, რომ საკმარისი სიტყვა გვეთქმის ამომრჩევლისათვის და ჯერ შეგვიძლია გადავხტეთ და მერე დავიძახოთ „ჰოპ“, აი, ამ ნახტომს, ანუ ფორმალური სტატუსის შეძენას მაშინ მოვახდენთ.
ჩვენ როგორც არ უნდა ვგეგმავდეთ, ერთი არის ჩვენი სურვილები, ჩვენი გეგმები და ჩვენი ზრახვები და მეორე არის ობიექტური გარემო. ის გარემო, რასაც ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სარჩელის ფონზე, რომელიც ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება, ის შესაძლო განვითარება, რომელიც პოლიტიკურ ველში მოვლენათა შემდგომ ესკალირებას შეიძლება მოჰყვეს, როდესაც საქართველოში პოლიტიკა დადის მინიმუმამდე და რეალურად, პროცესი გადავიდა ძალმომრეობაში, შეიძლება, ამ მხრივ მოხდეს აბსოლუტური აცდენა. ამდენად, ახლა რაიმეს პროგნოზირება კონკრეტულ ვადასთან და თარიღთან დაკავშირებით არის შეუძლებელი. ერთია, რომ ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ ჩვენს თავზე, უნდა ვმუშაობდეთ შიდა პროცესზე, მაგრამ ამავე დროს, მაჯის ცემას განსაზღვრავს ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები“, – აღნიშნა ყიფიანმა.
კითხვაზე, თუ ვადამდელი დაინიშნება, მიიღებს თუ არა მისი პოლიტიკური გაერთიანება არჩევნებში მონაწილეობას, ყიფიანმა უპასუხა, რომ სთვის ამ ეტაპზე არ ემზადებიან.
„ჩვენ ახლა არ ვემზადებით არჩევნებისთვის იმ მარტივი მიზეზის გამო, რაც უკვე აღვნიშნე – ჩვენ ახლა გვინდა, რომ საკუთარი ხელწერა რაც შეიძლება გასაგებად გამოვკვეთოთ. ეს რაც არ უნდა არაკლასიკური და არაპოპულარული იყოს ჩვენი მხარდამჭერისათვის, მთავარია, რომ ჩვენ შინაარსობრივად ვიყოთ საინტერესო.
ის გარემო, რასაც ჩვენ ვხედავთ, არანაირ განწყობას არ ქმნის ნორმალური არჩევნების წარმოებისათვის. არჩევნები ხომ არ არის მხოლოდ საარჩევნო დღე, არჩევნები არის მთელი რიგი დანაწესებისა, რომელიც დაწყებული კანონმდებლობიდან გაგრძელებული სხვა საკითხებით, რეალურად უნდა განაპირობებდეს, რომ ამომრჩეველი როდესაც მივა და გააკეთებს არჩევანს, ის დაემსგავსოს არჩევნებს და არა სპეცოპერაციას. ამდენად, თუ წავედით იმ გზით, რა გზითაც ხელისუფლება მიდის, რა თქმა უნდა, მაშინ არჩევნები მიიღებს აბსოლუტურად ნომინალურ დატვირთვას და ეს იქცევა ატრაქციონად და ატრაქციონში მონაწილეობას არათუ ჩვენ, არამედ ბევრი ოპოზიციური სპექტრიდან ალბათ არ მიიღებს“, – განაცხადა ყიფიანმა.