გვესმოდა გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებები, რომ ის მყარად დადგებოდა, არ დაიჩოქებდა, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმტკიცის ზღვარი, რომლის იქით ის ვერ გავა, – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საპროცესო შეთანხმებით საპატიმროს დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, არ ფიქრობს, რომ ბაჩიაშვილი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. მისი თქმით, ბაჩიაშვილს კარგად იცნობს და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკურ კომენტარებს არ გააკეთებს.
„ადამიანურად მესმის და არ ვამტყუნებ გიორგი ბაჩიაშვილს, რადგან წნეხის ქვეშ მოექცა. გვესმოდა გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებები, რომ ის მყარად დადგებოდა, არ დაიჩოქებდა, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმტკიცის ზღვარი, რომლის იქით ის ვერ გავა. რეალურად, ჩვენ ბოლომდე არ ვართ ინფორმირებულები თუ რა უძღოდა წინ ამ შეთანხმების გაფორმებას, ვიცით ძალადობის ფაქტი, რომელიც მის მიმართ განხორციელდა, სხვა რა ფაქტებს ჰქონდა ადგილი ან იყო თუ არა ისეთი გარემოება, რამაც მიიყვანა გადაწყვეტილებამდე.
არის მოლოდინი, რომ შეფასებას ან კომენტარს გააკეთებს, არ მგონია, რომ გიორგიმ … გიორგის საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგან იმ ცნობილ საქმეზე გვერდი-გვერდ ვმუშაობდით. არ მგონია, რომ მან პოლიტიკურ ველზე შედგას ფეხი და ამ მხრივ დაიწყოს შეფასებების გაკეთება. არ უნდა განვსაჯოთ, მითუმეტეს, დამახინჯებული მართლმსაჯულების ფონზე რთულია პროცესუალურ მხარეზე ვისაუბროთ – რა იყო ამ შეთანხმების წინაპირობა. გიორგის „ქეისმა“ ადამიანებს იმედის ახალი ნაპერწკალი გაუჩინა. ბურჭულაძის განცხადება მოვისმინე, ის ცდილობს ახალ მეინსტრიმში ჩაჯდეს“,- განაცხადა ყიფიანმა.
როგორც ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, ქვეყანაში არსებული პროცესების გათვალისწინებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს „პატრონი არ ჰყავს“.
„ჩვენ, რასაც ვისმენთ და რასაც ვუყურებთ, ფაქტობრივად ერთადერთი დასკვნა გამომდინარეობას, რომ საქართველოს პატრონი არ ჰყავს. არ გუშინდელი, არც გუშინწინდელი და არც დღევანდელი ხელისუფლების სახით. პრობლემის გენეზისი არის ერთი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არა სახელმწიფოში, არამედ გეოგრაფიის ფარგლებში, სადაც საეჭვო ინტერესები კურირებს მთელ გადაკვეთაზე და რეალური პატრიოტული, ეროვნული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკის ინსტიტუტების სახით დღეს ამ ქვეყანას არ გააჩნია“,- განაცხადა ყიფიანმა.
ვიქტორ ყიფიანი ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა ძლიერდება.
მისი თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც გარკვეული პოლიტიკური ძალები ერთობას არ უერთდებიან, სავარაუდოდ დოკუმენტის შინაარსია.
„უპერსპექტივობა და უიმედობა ეს არის საკვანძო სიტყვა, რომელიც ქართველ ამომრჩეველს და საზოგადოებას ეუფლება ოპოზიციის შემხედვარე. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთავარი მიზეზი თუ რატომ არ შეუერთდებიან ერთობას არის დოკუმენტის შინაარსი. შეიძლება ეს მიზეზი მართლაც ობიექტურიც არის, რაც ისე არის გადმოცემული, როგორც ამას „ლელო“ ან სხვა პოლიტიკური სუბიექტი ისურვებდა“,- განაცხადა ყიფიანმა.
ამასთან, მან განმარტა, რომ თავად და მისი გუნდი დოკუმენტის შინაარსს არ იცნობენ, რადგან პარტიულ სუბიექტს არ წარმოადგენენ და პროცესში მონაწილეობას არ იღებენ. მისი თქმით, მათთვის არ ყოფილა შეთავაზება ჩართულობის შესახებ და შესაბამისად „ღია კარის მტვრევით“ დაკავებას არ აპირებდნენ.
„ჩვენთვის უცნობია დოკუმენტის შინაარსი, რადგან არ წარმოვადგენთ პარტიული სუბიექტს, შესაბამისად პროცესში არ ვმონაწილეობთ. არ იყო შემოთავაზება და შესაბამისად ღია კარის მტვრევით არ ვიქნებოდით დაკავებულები“,- განაცხადა ყიფიანმა.
ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ალტერნატივის მთავარი მისია საზოგადოებაში იმედისა და პერსპექტივის განცდის დაბრუნება უნდა იყოს.
ყიფიანის შეფასებით, პოლიტიკურმა პროცესმა უნდა შეძლოს საზოგადოების მოტივირება და ჩართულობის გაზრდა.
„ალტერნატივის ძალა იმედის დაბრუნებაში და პერსპექტივის გრძნობის აღდგენაში უნდა გამოიხატებოდეს. მოქალაქეებს გაუჩინოს ახალი პათოსი, ინტერესი, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესში“,- განაცხადა ყიფიანმა.




