უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შვედი კოლეგა ულფ კრისტერსონი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მიზნით ბუდაპეშტში მიიწვია. ამის შესახებ ორბანი X-ზე წერს.
“დღეს მე შვედეთის პრემიერმინისტრს, ულფ კრისტერსონს უნგრეთში მოწვევის წერილი გავუგზავნე შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზნით”. – წერს ორბანი.
უნგრეთი და თურქეთი ბოლო ორი ქვეყანაა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ მოახდინეს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის ეროვნულ პარლამენტებში რატიფიცირება, რის გამოც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება გაჭიანურებულია.
დეკემბრის ბოლოს თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თურქეთის პარლამენტმა ეს საკითხი 23 იანვარს, დღის განმავლობაში განიხილოს.
ამავე თვეში ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს უნგრეთის პარლამენტი ყველასგან დამოუკიდებლად გადაწყვეტს.