ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისგან წერილი მივიღე, სადაც წერს, რომ უკრაინის ფინანსური დეფიციტი დიდია და წევრ სახელმწიფოებს უფრო მეტი ფულის გაგზავნას სთხოვს – ეს საოცრებაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„მაშინ, როდესაც ნათელი გახდა, რომ ომის მაფია ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს თაღლითურად ითვისებს, რეალური ზედამხედველობის ან გადახდების შეჩერების მოთხოვნის ნაცვლად, ევროკომისიის პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტის გაგზავნას გვთავაზობს“, – წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.
მისი თქმით, „უნგრეთს საღი აზრი არ დაუკარგავს“.
„ეს ყველაფერი ლოთის დახმარების მცდელობას ჰგავს, მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით“, – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, Reuters-ის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის დაფინანსების სამ ვარიანტზეა საუბარი.
„სამი ვარიანტი გამოვყავით: წევრი სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერის გრანტებით დაფინანსება, შეზღუდული სესხი ევროკავშირის მიერ ფინანსური ბაზრებიდან აღებული სესხის მეშვეობით დაფინანსებით, გაყინული აქტივების საბანკო ბალანსით უზრუნველყოფილი შეზღუდული სესხი“, – ნათქვამია წერილში.




