ვიქტორ ორბანი – ბრიუსელელი ბიუროკრატები ტრამპის ტორნადოს თავს ვერ დააღწევენ – ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის

ბრიუსელში ყველას შეუძლია დაინახოს ტრამპის ტორნადოს მოახლოება, მაგრამ უმეტესობა მაინც ფიქრობს, რომ შეუძლია მისგან თავის დაღწევა – ისინი ამას ვერ იზამენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე წერს.
„14 დღეში დონალდ ტრამპმა რამდენიმე ზომით უკვე თავდაყირა დააყენა მსოფლიო. ამერიკაში გენდერული სიგიჟე დასრულდა, დასრულდა გლობალისტური სოროსის ორგანიზაციების დაფინანსება, დასრულდა არალეგალური მიგრაცია და ასევე დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც ბოლო წლების მანძილზე ბრიუსელელი ბიუროკრატები თავს გვახვევდნენ, დასრულდა“, – წერს ორბანი.
მისი თქმით, ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის და „ბრიუსელელ ბიუროკრატებს“ რთული პერიოდი ექნებათ.
„ჩვენ ასევე შეგვიძლია დავემშვიდობოთ მსოფლიო ვაჭრობის წესებს. პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს ამერიკის ინტერესებს, თუნდაც ევროპის წინააღმდეგ. ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის და ბრიუსელელ ბიუროკრატებს რთული პერიოდი ექნებათ. გვჭირდება შეთანხმება, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და მართლაც კარგი გარიგება შეუძლიათ მათ, ვინც არა მხოლოდ იცნობს, არამედ პატივს სცემს ერთმანეთს“, – წერს ორბანი.
მისი თქმით, უნგრეთის მთავრობამ იცოდა, რომ ტრამპი დაბრუნდებოდა და ამიტომ მზად იყო ამისთვის.
„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაბრუნდებოდა, ამიტომ მზად ვიყავით. მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და კარგ გარიგებას მივაღწევთ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. რაც შეეხებათ ბრიუსელელ ბიუროკრატებს, რაც დასთესეთ, იმას მოიმკით“, – წერს ორბანი.