“არავის ვურჩევდი ევროპაში იკითხოს, ვინ არის შემდეგი. თქვენ! მიუხედავად იმისა, ლიეტუველები ხართ, ბულგარელები თუ სხვა. მომდევნო მსხვერპლი თქვენ იქნებით”, – ამბობს 2005-2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში.
რადიო თავისუფლება: დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ალასკაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან ერთობლივი შეხვედრა გამართოს დონალდ ტრამპის მონაწილეობით და პრეზიდენტ ერდოანის შუამავლობით. თქვენ რამდენჯერმე შეხვედრიხართ კრემლის ლიდერს. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან კომუნიკაციისას?
ვიქტორ იუშჩენკო: ჩემი აზრით, დასავლეთ ევროპაში პოზიციების კარგი კოალიცია გვაქვს. ევროპა მეტ-ნაკლებად ერთი ხმით იწყებს საუბარს. საკმაოდ ნათლად გამოხატავს თავის პოზიციას. ამიტომ, არსებობს განცდა, რომ შესრულებულია ძალიან კარგი და კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური და დიპლომატიური სამუშაო.
რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს. თავის დროზე მე ხელი მოვაწერე აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ასევე მახსოვს ის ვალდებულებები, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1994 წელს აიღო უკრაინის ბირთვული არსენალის განიარაღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ვისურვებდი.
რათა არ გაჩნდეს განცდა, რომ სამუშაო შეხვედრების ფორმატის ორგანიზების მომენტებიდან დაწყებული, უკრაინა არ არის უპირველესი ამერიკის პრეზიდენტისთვის, რომ თითქოს ჯერ აგრესორთან შეხვედრაა საჭირო.
არ ვისურვებდი, რომ მსოფლიომ გაიმეოროს ის შეცდომა, რომელიც ევროპულმა დემოკრატიამ დაუშვა მიუნხენში 1938 წლის შემოდგომაზე, როდესაც, ვითომდა, მშვიდობისკენ უფრო მოკლე გზის ძიებაში, გააფორმეს მიუნხენის სამშვიდობო შეთანხმება, რამაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომი გამოიწვია.
დღეს ბევრი ანალიტიკოსი ამბობს: „ისწავლეთ ისტორია“, რადგან ევროპულ პოლიტიკაში ასეთი პერიოდი უკვე იყო.