ვიტალი გუგუჩია — “ფორთოხლის გამყიდველი” ქიქოძის ქუჩიდან

ვიტალი გუგუჩია და მირანდა ჯობავა ის წყვილია, ვისი მარკეტის წინაც, რუსული კანონის მომხრე 84 დეპუტატიდან ერთმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, ფორთოხალს ხელი სტაცა და იმ მოქალაქეს გაეკიდა, რუსული კანონის მიღების შემდეგ პარლამენტიდან მომავალი დეპუტატების კოლონას რომ აგინა.
ვიქტორ ჯაფარიძე მაღაზიაში მეორე დღეს, 29 მაისს, ბოდიშის მოსახდელად მივიდა, მაგრამ წყვილმა უთხრა, რომ ბოდიში ფორთოხლის კი არა, მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი.
ნეტგაზეთი ვიტალის და მირანდას მაღაზიაში ჯაფარიძის სტუმრობის და მასთან ცხარე კამათის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთანავე მივიდა. ოჯახი სამეგრელოში აპირებდა გამგზავრებას, ვიტალის მამიდის გარდაცვალების გამო, მაგრამ ჟურნალისტების, მხარდამჭერი მოქალაქეების სტუმრიანობის გამო, წასვლა რამდენიმე საათით გადაედოთ.
“წუხელ ვმუშაობდი და შემომივიდა მესიჯი, მეზობლისგან ერთი ლარი ჩამერიცხა ანგარიშზე. ვიფიქრე, ალბათ შეეშალა, ვალი ჰქონდა ან რაღაც-მეთქი. ახლა მოდის და მეუბნება, ფორთოხლის ლარი ხომ ჩაგირიცხე, რომ გაისროლა იმ კაცმაო. დანიშნულებაშიც ჩაუწერია – 1 ფორთოხალი”, – ჰყვება სიცილით ვიტალი გუგუჩია და იხსენებს იმ მომენტს, როდესაც საკუთარ მაღაზიაში შესულს, იქ ვიქტორ ჯაფარიძე დახვდა, რომელიც მის ცოლს რუსულ კანონზე გაცხარებით ეკამათებოდა.
“გამიკვირდა, რომ მოვიდა. რა მოლოდინი ჰქონდა, არ ვიცი. აი, მე ფორთოხალი ავანაზღაურე და ბოდიში მოვიხადეო, უნდა ეჩვენებინა? მაგრამ მაშინ კამერებით მოვიდოდა. სვანი კაცია, რაღაცა მოსდევს ალბათ და მაინც გულწრფელად მოვიდა. ჰოდა, რაკი გულწრფელად მოვიდა, საკმაოდ მსუბუქად ველაპარაკე ამიტომ. იმის ფონზე, რაც მაგათ ჩაიდინეს, იმის ფონზე, რომ 84 რუსიდან ერთი თავზე გადგება, საკმაოდ მსუბუქად ველაპარაკეთ”.
29 მაისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ჯაფარიძე ვიტალის და მირანდას მარკეტში მივიდა და მათი ცხარე კამათის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, “ქართული ოცნება”, მათი განაყარი “ხალხის ძალა”, მმართველი პარტიის პროპაგანდისტები თავს ესხმიან ვიტალი გუგუჩიას და მას ნაციონალური მოძრაობის ზონდერად მოიხსენიებენ.
ვიტალი გუგუჩია “გირჩის” წევრია, მის მარკეტსაც “მეტი თავისუფლება” ჰქვია, რაც სავარაუდოდ, ვიქტორ ჯაფარიძემ ვერც კი შენიშნა. ნეტგაზეთთან საუბრისას ვიტალი იხსენებს იმ წლებს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში გაატარა და მკვლელობებსა და ყაჩაღობებს იძიებდა:
“წინა ხელისუფლების დროს მეც ამ სისტემის ნაწილი ვიყავი. მე პირადად არაფერი ჩამიდენია, გადაცდომა არ მქონია და მადლობა ღმერთს ამისთვის. რაც კანონმდებლობით მევალებოდა, იმას ვაკეთებდი. მაგრამ კანონმდებლობაც ისეთი არაპროპორციული, მკაცრი და არასწორი იყო, ჩემი იდეოლოგიიდან და დღევანდელი გადმოსახედიდან გამომდინარე განსაკუთრებით, რომ რამდენჯერმე მოვიხადე ბოდიში ამის გამო იმ ადამიანებთან, ვისთანაც კანონის სახელით მქონია შეხება. როცა სისტემის ნაწილი ხარ, იცით, რა ძნელია ამ ყველაფრის დანახვა შიგნიდან?! გარედან უფრო კარგად ჩანს, რამხელა ჭაობია იქ. არც გაქვს ამაზე დაფიქრების დრო, ისეთ რეჟიმში გიწევს მუშაობა. ილუზიაში ხარ. კი იყო მაშინ ცვლილებების ბუმი — გაქრნენ ძველი პოლიციელები, კარგი ხელფასი დაინიშნა, საწვავი გვქონდა, დაზღვევა და განწყობა შეიცვალა. მაგრამ სისტემა შინაარსობრივად მაინც იგივე დარჩა. ამიტომ, როგორც კი ამ სისტემას დავეხსენი 12 წლის წინ, გადავწყვიტე, რომ ჩემი ბრძოლის უმთავრესი ნაწილი იქნებოდა ამ სისტემის, ამ საბჭოთა სისტემისა და ჭაობის დანგრევა. უნდა დაინგრეს ეს პოლიცია, ეს პროკურატურა, ეს სასამართლო. ეს ისეთი ბოროტების შემქმნელი სისტემაა, გადმოყოლილი საბჭოთა კავშირიდან, დღემდე აფუჭებს ძალიან ბევრ გულანთებულ და კარგ ახალგაზრდას, ვინც პოლიციაში მუშაობს. მას მერე ძალიან დაპირისპირებული ვარ პოლიციასთან, უკიდეგანოდ. არის რაღაც მომენტები, როცა მახსენდება, რა ჭაობიცაა იქ და მეცოდებიან ხოლმე. მაგრამ დღეს უკვე აღარ. ამ ამბების მერე [რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დაწყებიდან] არცერთი პოლიციელი არ მეცოდება. არაფერი არ ღირს, არც მუნდირის ღირსება, არც ხელფასი, არც შემოსავალი, არაფერი აბსოლუტურად შენი ღირსების შელახვად, ლაჩრობად, მტრის დაცვად, არაფერი ღირს შენი მომავალი თაობის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემად და შენი მომავალი თაობის საცემად. ამიტომ თანაგრძნობამ გადამიარა და ძალიან გაბრაზებული ვარ მათზე. 20 ივნისიც გამოვიარეთ, 5 ივლისიც გამოვიარეთ, ბევრი გადაგდება გამოვიარეთ ამათი მხრიდან. მაგრამ რუსებთან ბრძოლაში არ ვიღლებით. მართალია, ასაკი გვემატება, მაგრამ შვილები წამოგვეწივნენ და ჩემზე წინ გარბიან, 12-13 წლის გოგოები დგანან აქციაზე ჩემ მაგივრად. არ არსებობს იმის ფასი, რომ გაჩუმდე, როცა თავისუფლებას გართმევენ და გაჩუმდე, როცა გარუსებენ. რუსების წინააღმდეგ 2008-შიც ავიღე იარაღი, დღესაც ავიღებ, მომავალშიც ავიღებ, სანამ არ დაინგრევა, სანამ არ შეგვეშვება და სამშვიდობოს არ გავალთ, ასე იქნება. სანამ ყველაზე თავისუფალი ქვეყანა და ერი არ გავხდებით, როგორებიც ვიყავით საუკუნეების განმავლობაში და რამაც აქამდე მოგვიყვანა. გუშინ (28 მაისს, როდესაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო) ვნახე, რომ ძალიან ბევრს ჰქონდა ნიჰილისტური განწყობა. ამდენი ხნის გულწრფელი ბრძოლის მერე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს განწყობა. მაგრამ ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდეც. წინ გვაქვს უმძიმესი თვეები არჩევნებამდე მისასვლელად. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება უმძიმესი რეპრესიები, იქნება დაჭერები სამოქალაქო საზოგადოებიდან, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიდან, პოლიტიკოსებიდან. იქნება ცემა, ქვის სროლა, ფორთოხლის სროლაც, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. 26 ოქტომბერს ჩვენ წავლეკავთ რუსებს”.
“რუსულ კანონს რაც შეეხება, ვხედავთ ამ ბოროტების შედეგებს უკვე რუსეთში. ზღაპარია, რომ ვინმეს გამჭვირვალობა აინტერესებს. მაგისთვის უკვე არსებობს ინსტრუმენტები და შეეძლოთ მოეფიქრებინათ სხვა გზებიც. თუ ვინმე თვლის, რომ რაღაცა საშინელება ხდება ფარული და განსაკუთრებული, ამისთვის არის სუსი. იმისთვის კი არა, რომ საძინებლებში გვიყურადონ. გვაპირისპირებს ხელისუფლება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებმაც 30-35 წლის განმავლობაში მშიერი ხალხი გამოკვებეს, ასფალტი დაგვიგეს, დენი გაგვიყვანეს, წყალგაყვანილობა გაგვიკეთეს, შშმ პირებს დაეხმარნენ, კიბოს სკრინინგზე მუშაობენ, სოფლის მეურნეობაზე, აღადგინეს ჩვენი ისტორიული და კულტურული ძეგლები, სამოქალაქო საზოგადოება ჩამოაყალიბეს. ამათ ვეძახით, რომ ჩვენი გარყვნა უნდათ? ეს ხალხი უნდა მოვიკვეთოთ? ამ დროს ჩვენი პირადი მტრები, რუსები გვეუბნებიან მარტო, რომ სწორია ეგ კანონი, კარგიაო. მტერი, რომელმაც დაგვიხოცა მშობლები, ბებია-ბაბუები, შვილები, დედას შვილის თვალი აჭამეს, ეკლესიები გადაგვიღებეს, ოთხოზორია, ტატუნაშვილი მოგვიკლეს. 200 წლის განმავლობაში არ დარჩენილა არაფერი, რაც ამათმა არ გვიქნეს. დღემდე ჰიბრიდული ომი გვაქვს. და ყველაზე მაგარი, როცა გამოჩნდა უკრაინელების სისხლის ფონზე შანსი, რომ გავიდეთ სამშვიდობოს, მაშინ დაგვასვეს ამათ რუსები. 4 შვილი გავზარდეთ და პრინციპულად არ გვინდა, რომ ბაყაყებს დავუტოვოთ ეს ქვეყანა. არ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ მილიონი შანსი გვქონდა, წავსულიყავით და მშვენივრად გვეცხოვრა. დღეს ეს ხალხი მოდის და უნდათ, რომ ჩემი შვილები გაყარონ ამ ქვეყნიდან. ვერ მივართვი! ვიბრძოლეთ, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. აი, დამანგრეველი ანგარიშით გავიმარჯვებთ. ჩვენი თაობა არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თაობა. 90-იანები გადავიტანეთ, ზოგი, სამწუხაროდ, ნარკოტიკებში გაიპარა, ზოგი ამ ქვეყნიდან გაიპარა, ზოგი იძულებული გახდა, რომ წასულიყო. ძალიან მძიმე პერიოდგადატანილი თაობა ვართ. განათლების სისტემაც ჯერ კიდევ საბჭოთა გვქონდა. ჩვენი შვილები რომ მეამაყება, ამაზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, ვინც გადავრჩით, ეს თაობა გავზარდეთ”, – ამბობს ვიტალი.
ინტერვიუს ჩასაწერად რომ მივედით, ვიტალის და მირანდას მაღაზიაში ერთი ფორთოხალიც აღარ იყო, სულ გაყიდული დაგვხვდა და ყოველ წუთს მორიგი კლიენტი სიცილით კითხულობდა, ფორთოხალი არ გაქვთო?
“აწი გაფართოებაზე უნდა იფიქროთ, რიგი დაგიდგებათ აქ მოქალაქეების”, – თქვა მარკეტის ახლადშეძენილმა კლიენტმა.
“მართლა თქვენ ჩააგდეთ ის დეპუტატი ამ დღეში? თქვენ გენაცვალეთ, ყოჩაღად იყავით. დასაჭერად არ მოგადგნენ. ერთი დაიძახეთ და ქვეყანა თქვენთან გავჩნდებით”, – ჩვენ თვალწინ უთხრა წყვილს ასაკოვანმა ქალმა, რომელიც მაღაზიაში ვიტალის და მირანდას გასაცნობად იყო მოსული.
ვიტალის მამიდის დაკრძალვაზე ჩასულ ვიტალის და მირანდას მართლაც მიადგნენ. ამჯერად სამთავრობო პროპაგანდისტული არხის “პოსტივის” წარმომადგენლები, რომლის მთავარი მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძეა. 31 მაისს სამეგრელოში, “პოსტივის” წარმომადგენლებსა და ვიტალის შორის, გუგუჩიების კარ-მიდამოში, დაპირისპირება მოხდა.
მეორე სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხმა “იმედმა” ოპერატიულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუგუჩია “პოსტივის” ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდა და მის წინააღმდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ