ვის შეეხება საგადასახადო ამნისტია? – ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით – 66 183 ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„განვმარტავთ, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ( 62 593 ფიზიკურ პირზე 287 244 620 ლარი), ასევე პირადი მომართვის საფუძველზე (3 590 ფიზიკურ პირზე 152 259 309 ლარი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, მეწარმე სუბიექტებს და პროცესი გულისხმობს, იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით ჩამოწერას, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე. განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობაა.
ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირის მიმართ გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა. შ ავტომატურად გაუქმდება. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობაში“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.