საქართველოს ნაკრების დღევანდელ მდგომარეობაზე საუბარი რთულიცაა და მტკივნეულიც. Sportall.ge საკუთარ სინდისთან მართალია, რადგან ყოველთვის ამას ვამბობდით, კრიტიკა წარმატების დროსაც აუცილებელია. ასე ვიქცეოდით ვილი სანიოლის პრესკონფერენციებზეც, მოსწონდა ეს ვინმეს თუ არა.
ნეტავი ახლა სხვა პრობლემა არ გვაწუხებდეს და მხოლოდ ტაქტიკურ ნიუანსებზე ვმსჯელობდეთ, მაგრამ ამ თემას აქტუალურობა აქვს და უნდა ვთქვათ ის, რაც ჩვენგან პირველად არ დაიწერება. ვილი სანიოლმა დიდი წვალების შემდეგ მიაგნო სქემას, რომლითაც წარმატებას მიაღწია. როცა ეს სისტემაც ამოწურვისკენ წავიდა, ფრანგმა მწვრთნელმა იმის დამტკიცება დაიწყო, რომ მის შეცვლას უმტკივნეულოდ შეძლებდა. აქ სომხეთის ნაკრებთან დაპირისპირებებმა უარყოფითი გავლენა იქონია, სამწვრთნელო შტაბი თითქოს დაარწმუნა, 4 მცველით თამაში შეგვიძლიაო. ამის დარწმუნების ბრალი იყო, თურქეთთან თბილისური, გადამწყვეტი მატჩი რომ შეეწირა. არადა, როგორ გვინდოდა, გუნდს ისევ 5 მცველით ეთამაშა. ავხსენით, რატომაც და მოკლედ ისევ ვიტყვით – სამი ტანმაღალი მცველით მოწინააღმდეგეებს თავისუფალ ზონებს უფრო ნაკლებად ვუტოვებდით, კუთხურების დროს ასე არ ვიჩაგრებოდით, ფლანგის ფეხბურთელების საკუთარ ნახევარზე დაშვებული შეცდომა კი მომაკვდინებელი არ ხდებოდა. სექტემბერში მთავარ დაპირისპირებაში მარცხის შემდეგ სანიოლმა უკან არ დაიხია და თურქეთშიც 4 მცველით ითამაშა.
თავად ვილიც აღიარებს, რომ გუნდს ძველებურად ვეღარ მუხტავს. უფრო სწორად, არ იმუხტებიანო, მაგრამ ეგ ჩვენთვის ერთი და იგივეა, თუ მისთვის არა. ასეა თუ ისე, ყოველგვარი უმადურების გარეშე, ნაკრების მწვრთნელს წასვლის ჟამი დაუდგა. ჩვენი ბიჭები აღარ იღიმიან და ამ ფონზე არც ნოემბერში ჩამოვლენ ოპტიმისტურები. ფილმ “მონანიების” გმირი რომ ამბობს, დაბრუნების დრო გამოგვეპარაო, სანიოლიც ალბათ სამშობლოში უფრო ადრე, უკეთესი სამწვრთნელო პერსპექტივით უნდა წასულიყო(ზოგჯერ ფედბურთელებიც აგვიანებენ).
არავინ უნდა იფიქროს, მწვრთნელის კრიტიკას ამოეფარება, მისი წილი პასუხისმგებლიბა ყველამ უნდა იგრძნოს, მაგრამ ანდა ბიჭებსაც რას ვერჩით. ამაში რას ვგულისხმობთ? როცა “იუვენტუსის” ვარსკვლავი ილდიზი უნდა შეაჩერო, პოლონეთის ჩემპიონატის პრაქტიკა საკმარისი არაა. აქ პიროვნულ კრიტიკაზე საუბარი ზედმეტია, ეს მიზეზ-შედეგობრივი საკითხია. მონდომებითა და პატრიოტიზმით აჯობებ კიდეც, დაჩაგრავ, მაგრამ ეს სტაბილურად ვერ მოხერხდება.
ევროპის ჩემპიონატის მოგონებებით ძალიან ბევრს და თურქეთის დონის ნაკრების დამარცხებას ხო არ ვითხოვთ გუნდისგან, ვისი შემადგენლობის თითქმის ნახევარი საშუალო ევროპულ სტანდარტს თუ აკმაყოფილებს. სათადარიგოთა სკამიდან თამაშის შეცვლა შეგვიძლია?! დაცვიდან პრესინგის დაძლევა და პასები გამოგვდის?! ჩვენი შუა ხაზი მეტოქეებზე მეტს მოძრაობს?! აბა, თანამედროვე ფეხბურთი ის არაა, წინ კვარაცხელია და მიქაუტაძე გვყავს და რამე გამოვა ან ჩვენი მეკარე “ლივერპულშია” და იქნება გადაგვარჩინოს.
დონე უფრო მეტად უნდა აიწიოს და ამ გზაზე ვართ, ნაცარსაც ნუ გადავიყრით. მაგალითად, გოჩოლეიშვილმა გერმანიაში სტაბილურად თამაში დაიწყო, გოგლიჩიძე იტალიაში აშკარად პროგრესირესებს, თუმცა როგორც დათა თუთაშხია ამბობს, ამასობაში “საუკუნე გაივლის კიდევო”, თუ ყველაფერმა მასიური სახე არ მიიღო, ისე არც შეცდომები გამოსწორდება და ლეგიონერების სხვა გუნდებთან ერთად წარმატების ამარა დავრჩებით. იმ წარმატების, გულში რომ გვიდევს, თორემ ბულგარეთის დონის ნაკრებთან ექვს გოლს რომ აღარ გავუშვებთ, როგორც ადრე, ეს სასიხარულოა.
ახლა რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაცის. წარმატების დროს ზეიმი და ყველაფრის საკუთარ წარმატებად მიწერა კარგია, მაგრამ როდემდე ვიყოთ იმის იმედად, რამდენიმე კერძო კლუბმა თუ საფეხბურთო აგენტმა ნიჭიერი ბავშვები არ დაკარგონ. უფრო მეტი ძლიერი მწვრთნელი გვინდა ბავშვთა ფეხბურთში, რადგან მერე თანამედროვეობასთან არ გავუცხოვდეთ. კარგია, დღეს სანაკრებო დონეზე იმ ქვეყნებს რომ ვჯობივართ, საკლუბოზე ლეგიონერების ხარჯზე რომ გვიგებენ, მაგრამ ეროვნული ლიგის ესხარისხი და მასშტაბები ჯერ ერთი რომ არ გვაკმაყოფილებს და მეორე, არავინ იცის ყველაფერი ეს ყელში როდის წაგვეჭირება.
ახლა მეტს არ დავწერთ, ვიღაცამ არ თქვას, წაქცეულზე წიხლი დაგვაყოლესო, მაგრამ ნაბიჯებს ველოდებით, მათ შორის ეროვნული გუნდის მწვრთნელთან მიმართებაში.
უკეთესი მომავლის იმედით – ჩვენ ვართ საქართველო!
ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება – რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის
ერდოღანმა საქართველოსთან გამარჯვება თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებს პირადად მიულოცა
“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაპერწკალი დავკარგეთ, რომელიც სულ უფრო ქრება” – კიტეიშვილი თურქეთთან მარცხის შემდეგ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა – სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო – სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს
ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება – რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის
არსებობდა სხვა გზა? – არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში
[VIDEO] სრული კატასტროფა – საქართველოს ნაკრები თურქეთთან განადგურდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
