ვის მიყიდა m²-მა 7102 კვ.მ. მიწა ელბაქიძეზე, სადაც მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა

თბილისის ცენტრალურ უბანში 7102 კვ.მ. მიწა ფხაკაძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ m²-სგან გასულ წელს იყიდა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიწა 2023 წლის მარტში შპს „ვერე უძრავი ქონებისგან“ შპს „ვერის აღმართს“ გადაეცა.
„ვერის აღმართი“ 2023 წლის მარტში დარეგისტრირდა, მისი დირექტორი პაატა რურუაა, ხოლო წილის მფლობელები არიან: შპს მარდიელი ინვესთმენთი (20%), სს მენეჯმენტ ფროფერთი (20%), ციალა დარჩიაშვილი (30%), სს გრევით ინვესთმენთს (5%), სს ლეტერენ (5%) და შპს სითიპლექსი (20%). თავის მხრივ შპს მარდიელი ინვესთმენთი, სს მენეჯმენტ ფროფერთი და ციალა დარჩიაშვილი, გარკვეული პერიოდი ძმები ფხაკაძეების ბიზნეს პარტნიორები იყვნენ. გასული წლის ბოლომდე ისინი „ცენტრალ პარკ ავენიუს“ მეწილეებად ფიქსირდებოდნენ, თუმცა 2023 წლის დეკემბრიდან, საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შპს „იდეაა“, რომლის მესაკუთრეები, ვასილ, ლევან და სამსონ ფხაკაძეები არიან.
რაც შეეხება შპს „ვერე უძრავი ქონებას“, კომპანია გასული წლის ზაფხულში შეერწყა შპს საქართველოს ქონების მართვის ჯგუფს, რომელიც სს „საქართველოს უძრავ ქონებას“ (JSC m2 Real Estate) ეკუთვნის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ავთანდილ ნამიჩეიშვილი, ირაკლი გილაური, გიორგი ვახტანგიშვილი, იოსებ ქურდაძე და გიორგი ალფაიძე არიან.
გაყიდვამდე რამდენიმე თვით ადრე, შპს „ვერე უძრავი ქონება“ არქიტექტურის სამსახურისგან მრავალბინიანი კომპლექსის ესკიზის შეთანხმებას ითხოვდა.
„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, მ. ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძე) N14 რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე. წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებულია მულტიფუნქციური – საცხოვრებელი და კომერციული დატვირთვის სახლის მშენებლობა.
პროექტის მიზანია გააგრძელოს ძველ თბილისში არსებული ურბანული განაშენიანების ტიპოლოგია. კონკრეტულად, მდინარესთან მიახლოებისას გრძელი განიერი მოცულობის გაჩენა, რომელიც ერთგვარ ისტორიული ციტადელის თანამედროვე ინტერპრეტაციას ასრულებს.
პროექტი 7 სართულისგან შედგება, თუმცა ვიზუალურად 2 ორსართულიანი მოცულობისგან მიერ შექმნილი კომპოზიციაა და აძლიერებს მის ჰორიზონტალურობის შეგრძენებას. არქიტექტურულად მთავარი ელემენტი მომრგვალებული ფასადია რომელიც ქუჩის რადიუსს იმეორებს, დანარჩენი მთლიანი მოცულობა კი ტექტონიკური რიტმებისგან შედგება. შენობა შედგება ორი მოცულობისგან და აქვს შესასვლელი როგორც ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან ასევე სანაპირო გზიდან“, – ნათქვამია წინასწარი ესკიზის განმარტებით ბარათში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან დადებითი შეფასება მიეცა.